NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე უძველესი ტბის კვალს მიაგნო

NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე უძველესი ტბის კვალს მიაგნო

NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Curiosity-იმ კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა. მან წითელი პლანეტის ზედაპირის შესწავლისას გრუნტზე ტალღოვანი წარმონაქმნები დააფიქსირა, რაც მიანიშნებს, რომ ძველად იქ ტბა არსებობდა.

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს მისიის განმავლობაში მოპოვებული ყველაზე ცხადი მტკიცებულებაა, რომელიც მარსის წყლიან წარსულზე გვაწვდის ინფორმაციას. ახალი მიგნების თანახმად, რეგიონი, რომელსაც Curiosity გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებულია, იკვლევს, ადრე წყლით იყო დაფარული.

უძველესი ტბის გავლენით წითელი პლანეტის ზედაპირზე ტალღისებური სტრუქტურებია ფორმირებული და ისინი გრუნტთან ტალღების შეჯახების შედეგად გაჩნდა, რამაც ქანებს ფორმა შეუცვალა.

"ჩვენ ტბის დანალექი ასობით მეტრზე შევისწავლეთ, მაგრამ ასეთი მტკიცებულება არასდროს მოგვიპოვებია. ახლა კი ის ისეთ ადგილზე ვნახეთ, რომელიც მშრალი გვეგონა", — აცხადებენ NASA-ში.

მარსმავალი Curiosity გეილის კრატერის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შარპის მთას იკვლევს. ეს საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, როგორ იცვლებოდა წითელი პლანეტა მილიონობით წლის განმავლობაში. აპარატს წყლის კვალი აქამდეც არაერთხელ დაუფიქსირებია, მაგრამ უკანასკნელი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ტალღისებური წარმონაქმნები, ნარჩენების დინება და თანაზომიერი განშრევებები მიუთითებს, რომ მარსის წყლიანიდან მშრალ ციურ სხეულად გადაქცევის პროცესი მარტივი არ ყოფილა. მისი უძველესი კლიმატი თითქმის ისეთივე რთული იყო, როგორიც დედამიწის", — ამბობენ მეცნიერები.