საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის „ფეიგინ ლაივ“-თან ინტერვიუს გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, რომ განცხადება იმის შესახებ, რაც მან თქვა - „ჩემი პარტია“, არის სწორი გამოხატულება იმისა, რაც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ თავს ხდება, რადგან ამ ადამიანმა [მერაბიშვილმა] კეზერაშვილთან ერთად მიიტაცა ეს პარტია და ვიცით, რომ ჰყავთ მარიონეტული თავმჯდომარე, რომელიც მათ ინტერესებს, ახირებებს უპირობოდ, მონური მორჩილებით ასრულებს, თუმცა რეალობა ის არის, რომ ეს ადამიანები თვით შიდაპარტიული წარმომადგენლებისთვისაც კი მიუღებლები არიან. პარტია ფაქტობრივად არ არსებობს. მე თუ მკითხავთ, დასახელებაც არ არსებობს, ინიციალებიღა დარჩა“, - განაცხადა მიქანაძემ.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.