შალვა პაპუაშვილი: საუბარი იმაზე, თითქოს ხელოვანების რაღაც თავისუფლებებია შეზღუდული, არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა

შალვა პაპუაშვილი: საუბარი იმაზე, თითქოს ხელოვანების რაღაც თავისუფლებებია შეზღუდული, არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა

საუბარი იმაზე, რომ ხელოვანების რაღაც თავისუფლებებია შეზღუდული, იმ დროს, როდესაც თავად ამ მხატვრის ნამუშევრებიც პირველად გამოიფინა სახელმწიფო გალერეაში არის ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ქარის წისქვილებთან ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გუშინდელი გამოხმაურებები, რაც ვნახეთ სანდრო სულაბერიძის პერფორმანსთან დაკავშირებით, სამწუხარო ფაქტია, რომ არის ჩვეულებრივი ბრძოლა ქარის წისქვილებთან. სწორედ თეა წულუკიანის მოწოდებაა, რომ ქართველი ხელოვანების უკეთ გაცნობა შეძლოს ქართულმა და არაქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის, ის მხატვარიც პირველად გამოიფინა ეროვნულ გალერეაში. აქ საუბარი იმაზე, რომ რაღაც თავისუფლებებია შეზღუდული, იმ დროს, როდესაც თავად ეს მხატვარიც პირველად გამოიფინა სახელმწიფო გალერეაში, არის ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ჩვენ ვნახეთ სახეები, ვინც არიან ჩართული პროცესში. კვლავ, სამწუხაროდ, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს ეს ჯგუფი, რომელიც საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ზიზღით არის შეპყრობილი და ეძებენ საბაბს, რომ იქნებ როგორმე გარკვეული აღშფოთება გამოიწვიონ. ჩვენ ვნახეთ იქ რა მოხდა და შეფასდება ეს პერფორმანსად თუ სხვა სახით, ამისთვის არის გარკვეული პროცედურები, რომელიც აუცილებელია. სამართლებრივ სახელმწიფოში ვართ და დადგენა, რა არის პერფორმანსი, ხელოვნება და რა კანონის დარღვევა, ამიტომაც ვართ სახელმწიფო, არის წესები და ამ წესების მიხედვით ხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.