კახურის ტიპის თეთრი ღვინის დაყენება

კახურის ტიპის თეთრი ღვინის დაყენება

კახური ტიპის თეთრი ღვინის დაყენების ტექნოლოგია გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, რაც მდგომარეობს დუღილის პროცესში ყურძნის მაგარი ნაწილების (კანი, წიპწა, კლერტი) არამხოლოდ მონაწილეობაში, არამედ მათზე დუღილის დასრულების შემდგომ ღვინის დავარგებაში გაზაფხულის პირამდე, სითბოს დადგომამდე.

კახური ტიპის თეთრი ღვინის დასაყენებლად საუკეთესო ჭურჭლად ტრადიციული ქვევრი მიიჩნევა, გამომდინარე მისი მიწაში ჩაფლულობით და კონისისებური ფსკერით, რაც საშუალებას იძლევა პირველშემთხვევაში დუღილის დროს და შემდგომაც მთელი წლის განმავლობაში ღვინის თანაბარ ტემპერატურაზე შენახვის და მეორე შემთხვევაში მძაფრი დუღილის დასრულების შემდგომ ფსკერზე პირველ რიგში წასულ წიპწებს შემდგომ გადაეფარება ლექი და საბოლოოდ კლერტი, რაც იმის გარანტია რომ ღვინო იზოლირებული ხდება წიპწასთან ზედმეტი კონტაქტისგან.

თეთრი კახური ღვინის დაყენების საქმეში უმნიშვნელოვანეს ასპექტად მიიჩნევა კლერტის სიმწიფე (რაც ზოგიერთი მეცნიერ-ენოლოგის მოსაზრებით განაპირობებს ამ ტიპის ღვინის განსაკუთრებულ და ტიპიურ არომატს), რაც მხოლოდ ვაზის ფიზიოლოგიურ სიმწიფეში მიიღწევა, როდესაც ნაყოფის შაქრიანობა 23-26%-ა. მარანში მიტანილი ყურძენი იწურება (ტრადიციულად საწნახელში ან სხვადასხვა მოქმედების წნეხში) და ისხმება ქვევრში. მძაფრი დუღილის დროს აუცილებელია ე.წ „ ქუდის” ხშირი (4-5ჯერ დღეში) ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ ნახშიორჟანგის წნევით ზემოთ ამოტივტივებული ჭაჭის დაძმარება და ღვინის დაავადება. დუღილის დასრულების შემდეგ, ქვევრს (სხვა ჭურჭლის შემთხვევაში შესაბამის თავსახურს) სარქველს ახურავენ, გოზავენ და ტოვებენ თებერვლის ბოლო - მარტის დასაწყისამდე.

გაზაფხულის პირზე ქვევრიდან ღვინის პირველი ამოღება სხვადასხვა კატეგორიის ღვინისათვის (ზედა კამკამა ნაწილი ცალკე, შუა ფენა ცალკე, ჭაჭის გამონაწური და გამონაწნეხი კი ცალკე ერთად), ვფიქრობთ, ცალკე განხილვას მოითხოვს რაზედაც შემდგომში ვისაუბრებთ.

კახური ტიპის თეთრი ღვინო თავისი ანტიოქსიდანტური ფენოლური ნაერთების მაღალი შემცველობით ხელს უშლის ადამიანის დაბერების პროცესს, ბლოკავს რა თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ჭარბად წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში სტრესული სიტუაციების, ხმაურის, დაძაბული სამუშაო გრაფიკისა და სხვ. მიზეზთა „წყალობით“.

თეთრი კახური ტიპის ღვინის ზომიერი მოხმარება (სადილზე -100-150მლ) სასარგებლოა გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და პროფილაქტიკისათვის.

ამ ტიპის ღვინოს ახასიათებს განსაკუთრებული და ვაზის ჯიშიდან გამომდინარე (რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი, თუ სხვ.) განუმეორებელი გემო და სურნელება, ფერი ცეცხლის- ან როგორც ხშირად იტყვიან ქარვისფერი ახასიათებს.

კახური თეთრი ღვინის გათავისება და სრულად შეცნობა პირველ ეტაპზე საკმაოდ რთულია , როგორც წესი, ამიტომ კარგი იქნება, თუკი შესაბამის კერძთან ერთად მივირთმევთ, რომელიც უხვად მოგვეპოვება იგივე კახური სამზარეულოდან; ძირითადად ცხიმიან, ხორციან კერძებთან და სხვებთან.