არასწორი გადაწყვეტილება იყო — დემნას პირველი ინტერვიუ ბალენსიაგას სკანდალის შემდეგ

არასწორი გადაწყვეტილება იყო — დემნას პირველი ინტერვიუ ბალენსიაგას სკანდალის შემდეგ

გასულ წელს Balenciaga-ს სადღესასწაულო კამპანიამ, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ, საზოგადოების დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდა. სწორედ ამ კამპანიის გამო, Balenciaga ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს.

კამპანიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ Balenciaga-მ და დემნამ საჯაროდ ბოდიში არაერთხელ მოიხადეს, ახლახან კი ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ამ თემაზე პირველი ინტერვიუ ვოგთან ჩაწერა.

"მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების პროცესში უამრავი ადამიანია ჩართული, ვერ შევნიშნეთ, რა იყო პრობლემური. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო და ამას ძალიან ვნანობ. ამ შეცდომისგან ის ვისწავლეთ, რომ ახლა ნებისმიერ ფოტოს უფრო დაკვირვებით და მეტი ყურადღებით შევამოწმებთ, გამოქვეყნებამდე კი დამატებით ეტაპებს გაივლის. მინდა, ბოდიში მოვიხადო. გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და პატიებას ვთხოვ ყველას, ვინც ამით დაზარალდა", — განაცხადა დემნამ.

დემნას თქმით, ამიერიდან Balenciaga-ს ყოველი კამპანია ახალი წესების მიხედვით უფრო დაწვრილებით შემოწმდება და თითოეული დეტალს მეტი ყურადღებით მიუდგებიან. "ცხოვრებაში ბევრი სირთულე გამომიცდია, მაგრამ ეს განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა და ცხოვრებისეული გაკვეთილიც მივიღე. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რადგან არ შემეძლო ამ ყველაფრის ახსნა და ამასთანავე, ზიანი მიადგა Balenciaga-ს სახელსა და კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობას, რომლითაც აღტაცებული ვარ და ასე ვაფასებ. Balenciaga საუკუნეზე მეტია არსებობს და მშვენიერ და მტკიცე შემოქმედებით ღირებულებებზე დაფუძნებული მოდის სახლია. მე კი ჩემს შემოქმედებით ძალას არ ვიშურებდი, რათა ისეთი რელევანტური გამეხადა, როგორიც ახლაა, მაგრამ მოულოდნელად თავს დაგვესხნენ და ის იარლიყი მოგვაკერეს, რომელიც არ შეგვესაბამება", — ამბობს დემნა.

დემნას თქმით, Balenciaga-მ ბავშვთა ეროვნულ ალიანსთან (NCA) პარტნიორობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს მენტალური ტრავმებისგან განკურნებაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, ალიანსი Balenciaga-ს ბავშვთა დაცვის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს, ამ კამპანიასთან დაკავშირებული პრობლემები ჩემი პროვოკაციული დიზაინის ნაწილი არ ყოფილა — გონებაში არასდროს გავივლებდი ისეთი საშინელი და საზარელი საკითხის მიმართ არასერიოზულ მიდგომას, როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობაა", —განაცხადა დემნამ.