თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი მესამე მოქალაქე საქართველოში გადაასვენეს, დაკარგულ საქართველოს ორ მოქალაქეს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.
ელჩის თქმით, საელჩო მუშაობს სიის შედგენაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ სახიფათო რეგიონებიდან თავის დაღწევა.
„საბედნიეროდ, არ დაგვემატა დაკარგულებიდან არავინ. საძიებლად მხოლოდ ორი კაციღა დაგვრჩა. იმ შენობიდან, სადაც გვეგულება ჩვენი მოქალაქე, უკვე რამდენიმე მიცვალებული ამოიყვანეს და ველოდებით სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას. სამი გარდაცვლილიდან ბოლო, რომელიც ვიპოვეთ, უკვე გადასვენებულია საქართველოში. ოჯახმა უკვე იცის. ახლა ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უნდათ კონკრეტული რეგიონებიდან წასვლა, ვიცოდეთ მათი ადგილსამყოფელი, სია გვქონდეს, რომ დავეხმაროთ რეგიონის დატოვებაში“, - განაცხადა ელჩმა.