თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ ექსპრეზიდენტის გარემოცვის ერთადერთი მიზანია, როგორმე გაათავისუფლონ სააკაშვილი ციხიდან.
„ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს - რომ როგორმე მოახერხონ სააკაშვილის გათავისუფლება ციხიდან. ასევე ეს ემსახურება იმას, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყნის გაშავება, თითქოს მას არ ეპყრობიან ლმობიერად ციხეში, თუმცა ის არა ციხეში, არამედ კლინიკაში იმყოფება“, - აცხადებს კალაძე.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დგინდება, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას გიული ალასანიამ მილიონ დოლარამდე გადაუხადა.
სააკაშვილის ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი ნიუ-იორკში „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად გადაიღო. ორსართულიანი კერძო საცხოვრებელი, ბრონქსში მდებარეობს. სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია მითითებული. კერძო საცხოვრებელი სახლს უსაფრთხოების მიზნით სპეციალური დაცვის სამსახური აკონტროლებს. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, ცხოვრობდა თუ არა დოკუმენტებში მითითებულ სახლში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.