356-დან 352-მა პედაგოგმა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ზღვარი ვერ გადალახა

356-დან 352-მა პედაგოგმა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ზღვარი ვერ გადალახა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით უკმაყოფილოა. მათემატიკაში, პედაგოგთა დაახლოებით 86%-მა ბარიერი ვერ გადალახა, სამოქალაქო განათლებაში 82.6%-მა, ქიმიაში - 91%-მა, ბიოლოგიაში -77%-მა, სახვითი ხელოვნებაში- 74%-მა, ფიზიკაში - 96%-მა. ისტორიასა და გეოგრაფიაში შედარებით უკეთესი შედეგებია - 57.2% და 49%. წელს 356 პედაგოგი აბარებდა გამოცდას ფიზიკის საგანში, თუმცა ზღვარის გადალახვა 342-მა პედაგოგმა ვერ შეძლო.

ამ ეტაპზე არ გამოქვეყნებულა პედაგოგთა გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხო ენაში.

როგორც მაია მიმინოშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა საბოლოო, პირველადი შედეგები 10 აგვისტოსთვის იქნება ცნობილი, რის შემდეგად უფრო მეტი ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი.

მაია მიმინოშვილი: შეიძლება ვინმე არ შეწუხდეს ასეთი შედეგებით? ეს ხომ, პირველ რიგში, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ეხებათ. თუ მიზეზის პოვნა გვინდა, მაინც და მაინც პედაგოგზე არ უნდა გადავტეხოთ ჯოხი. ბუნებრივა პედაგოგმა ბევრი რამე უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს, კვალიფიკაცია აიმაღლოს და პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ როდესაც ასეთი შედეგი გვაქვს, ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო - ვაკეთებთ კი ყველაფერს იმისათვის, რომ შემდეგ პასუხი მოვთხოვოთ პედაგოგს? ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობა დაიგეგმა, მაგარმ არავინ არ შეაფასა მიიღო თუ არა ეფექტი.

სერტიფიცირება ზოგადად არ უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაცია პედაგოგისთვის. როდესაც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პირობები შეუქმნას პედაგოგს - იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მოტივაციას გააჩენს ამ ძალიან რთული პროფესიის მიმართ. თუნდაც ახალგაზრდებში და ნიჭიერ ახალგაზრდებში, ჩვენ რა ვითარება გვაქვს ძალაინ კარგად ვხედავთ - ქვეყანაში პედაგოგიური უმაღლესი სასაწავლებელი აღარ არსებობს და იგი გაფანტულია სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

პრაქტიკულად ნახევარზე მეტმა პედაგოგმა ვერ გადალახა ზღვარი. რა ბედი ელით ამ პედაგოგებს?

- დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამო არ დაისჯება პედაგოგი.

არც თუ სასიამოვნო ფაქტია თვითონ მშობლებისთვის, როცა იგებენ, რომ პედაგოგმა ბარიერი ვერ გადალახა...

- ბუნებრივია, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რა გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ძალიან სერიოზულად უნდა მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პროფესია იქნეს ნამდვილად მიმზიდევლი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, შემდეგ როგორ გავუჩინოთ მოტივაცია ამ ახალგაზრდებს, რომ სწორედ ამ მიმართულებით აირჩიონ საკუთარი კარიერა. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პედაგოგებს, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ. საგანგაშო როგორ შეიძლება არ იყოს ეს ვითარება, ჩემი შვილიშვილიც სკოლაში დადის და ბუნებრივია, ყველას თავისი შვილისთვის და შვილიშვილისთვის საუკეთესო მასწავლებელი უნდა. სერიოზულად დაფიქრდება მშობელი. ყველას მინდა ვუთხრა, რომ მარტო პედაგოგისკენ ნუ იშვერთ თითს. ალბათ, ჩვენ ყველა დამნაშავე ვართ, განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს ვგულისხმობ და მეც ვიზიარებ ამ პასუხისმგებლობას.

356 პედაგოგიდან ზღვარი ვერ გადალახა 352 პედაგოგმა. სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. რას სთავაზობთ მათ?

- ვრცელი კითხვაა და ძალიან ვრცელ პასუხსაც გულისხმობს... საქართველომ მონაწილეობა მიიღო ძალიან საინტერესო საერთაშორისო კვლევაში, ეს გახლავთ მომავალი მასწავლებლების განათლების კვლევა და სამწუხარო შედეგები გვაქვს. ეს ერთ-ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ შემდგომ უკვე ასეთ შედეგებს მივიღებდით. სამწუხარო შედეგები გვაქვს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპონენტით მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო  ბოლო ადგილზეა გასული მომავალი მასწავლებლების მომზადების კუთხით. ვალდებულება გვქონდა აღებული, რომ ნაციონალური ანგარიში მოგვემზადებინა და მომზადდა საერთაშორისო ანგარიში. თუ ნაციონალურ ანგარიშს გადახედავთ, სპეციალური თავი სწორედ რეკომენდაციებს ეხება, აი, იმ კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. ძალიან ბევრი რამეა ამ მიმართულებით გასაკეთებელი და პედაგოგიური სასწავლებელი ტყუილად არ ვახსენე. თუ სახელმწიფოს პრიორიტეტია პედაგოგიკა, როგორც პროფესია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უმაღლესმა სასაწავლებელმა უნდა იზრუნოს, რომ მომავალი პედაგოგი აღზარდოს.

როგორც ირკვევა, სარეგისტრაციო გამოცდების შედეგები შარშან გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე წელს. რამ განაპირობა ეს?

- გეთანხმებით, გადავხედე შარშანდელ შედეგებს და მაღალი შედეგებია. ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის გამოცდების შედეგები გვაკლია და რაც მთავარია, უნარების შედეგები არ გვაქვს ბოლომდე. შედეგები შარშან გაცილებით უკეთესი იყო, თუმცა მე ძალიან გამიჭირდება ამ მიზეზის კომენტირება, ვინაიდან, შარშან გასწორების პროცესში ჩვენ არ ვიყავით ჩართულები. მართალია, საგამოცდო ტესტები ჩვენი მომზადებული იყო, მაგრამ სამსახურის დატოვება მოგვიწვია. შესაბამისად, გასაწორების პროცესში ჩემი თანამშრომლები და კოლეგები არ იყვნენ ჩართულები. არ ვიცი, შესაძლებელია, ინახოს, როგორ გასწორდა ნამუშევრები, იყო ზედმეტად ლოიალური თუ რა, ამაზე ნამდვილად გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. კიდევ ერთი ფაქტორია აქ - პირველ წლებში გამბედავი პედაგოგოები გამოვიდნენ, ვისაც საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და დაადასტურეს კიდეც ეს.

საბოლოო შედეგები როდის გახდება ცნობილი?

- პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მაგისტრობის მსურველების, აბიტურიენტების და მასწავლებლების ნაწერების გასწორება. ვაქვეყნებთ აბიტურიენტებისთვის მათემატიკის შედეგებს, რომელიც უკვე მზად არის, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ 10 აგვისტომდე პირველად შედეგებს გამოვაქვეყნებთ და 10 აგვისტოდან უკვე დაიწყება აპელაციის პროსეცი.

იმ პედაგოგებს, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს, დისციპლინარული სასჯელი ხომ არ დაემუქრებათ?

- დარწმუნებული ვარ, რომ არ დაემუქრებათ, იმიტომ, რომ ეს იქნება სრულიად არასწორი ნაბიჯი. თუ პედაგოგების გარკვეულ ნაწილს პრობლემა აქვს, ეს პრობლემა მათთან ერთად უნდა გავიზიაროთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში. მხოლოდ პედაგოგების დასჯა იმიტომ, რომ ბარიერი ვერ გადალახეს, ეს იქნება ძალიან არასერიოზული ნაბიჯი.

გახდება თუ არა ამ პედაგოგების ვინაობა საჯარო?

- არა. ეს არის კონფედენციალური ინფორმაცია და არავინ არ გამოქვეყნებს ამ მასწავლებლების სახელს და გვარს ოფიციალურად. ყოველ შემთხვევაში, ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ. მე მეტსაც გეტყვით, რატომ გახმაურდა ე.წ. „შპარგალკების“ ამბავი. ეს პირველი წელი არ ყოფილა, იყო ადრეც ასეთი ფაქტები, მაგრამ თავში აზრად არ მოგვსლია, რომ გაგვეხმაურებინა ეს ამბავი. სრულიად ელემენტარული მიზეზის გამო, როცა პედაგოგებს ჩამოართვეს „შპარგალკები“ რეგისტრაციაში ჩვენი ცენტრის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ჟურნალისტები, რეგისტრატორები. მე მქონდა დიდი იმედი, რომ ეს არ განმეორდებოდა, მაგრამ რა ვქნათ, ეს ამ კომპლექსური ნაწილის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. თავის დამშვიდების მიზნით პედაგოგი ცდილობს ე.წ „შპარგალკა“ შეიტანოს გამოცდაზე. ძალაინ მინდა მივაღწიოთ იმ ვითარებას, როცა პედაგოგი ამ ვითარებას არ შეხედავს ისე, როგორც სადამსჯელო ოპერაციას.

იყო ასეთი შიში წლების განმავლობაში და შეიძლება ამითაც იყო ეს განპიროვნებული...

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარ განმეორდება და პირიქით. როცა პრობლემას ვხედავთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი დავადანაშაულოთ და მერე მივადგეთ პედაგოგს. ის რაც არ გაკეთებულა ამ წლების განმავლობაში, ახლა სასწრაფოდ და ეფექტურად უნდა განხორციელდეს. თუ სახელმწიფო ყევლაფერს გააკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ამის შემდეგ პედაგოგი მაინც ვერ გადალახავს ბარიერს, უკვე შეიძლება პასუხი მოვთხოვოთ. ჯერ ჩვენ გამოვასწოროთ ის, რაც გამოსასწორებელი გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ არ მივიღოთ სრულიად გაუმართლებელი და უსამართლო გადაწყვეტილება, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში გვახსოვს. უბრალოდ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული არა მარტო განათლების სისტემის ხარისხთან დაკავშირებით, არამედ პედაგოგთა წინაშე, ჯერ ჩვენს პრობლემებს მივხედოთ, პირველ რიგში, ჩვენ გამოვასწოროთ ეს პრობლემები და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის იმედი მაქვს.