ფრენების შეწყვეტა არის რუსეთის სანქცია საქართველოს მიმართ. ნებისმიერი სანქცია, რომელიც შეიძლება საქართველოს მოეხსნას, თუნდაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ოპოზიციის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურება, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„აქცენტები გაკეთდა, რომ ამ ფრენების აღდგენა საქართველოსთვის იქნება დამაზიანებელი და პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება დაზიანდეს საქართველოს იმიჯი, მაგრამ საქართველოს მიმართ ასეთი ტიპის პრეტენზიებისა და საყვედურების მოსმენა აბსოლუტურად მიუღებელია. შეგვიძლია ვნახოთ ოფიციალური მონაცემები და ოფიციალური ფრენები, მათ შორის დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორების და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების. ნატოს წევრი თურქეთი, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მათ შორის ორი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, სერბეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. მათ გახსნილი აქვთ ცა რუსეთთან და პირდაპირი ავიარეისები სრულდება. ამ პირობებში ჩემთვის გაუგებარია რა არის მიზანი და რა საფუძველი აქვს იმ აყალმაყალს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სპეკულაციების სივრცეს ფაქტობრივად არ ტოვებს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თანამემამულეები, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დღეს ცხოვრობს იქ და დაფრინავენ სომხეთის ან თურქეთის გავლით. ჩემთვის გაუგებარია რა იქნება საქართველოსთვის წამგებიანი, თუ ჩვენი მილიონი თანამემამულე პირდაპირ იფრენს რუსეთში“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.