ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავაზე: გასული წლის დასასრულს ორი ძალიან მსხვილი განხილვა გვქონდა. რაც შეეხება მოლოდინს, ის ძალიან პოზიტიურია

ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავაზე: გასული წლის დასასრულს ორი ძალიან მსხვილი განხილვა გვქონდა. რაც შეეხება მოლოდინს, ის ძალიან პოზიტიურია

ვიქტორ ყიფიანმა განმარტა რა ეტაპზეა ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავა „კრედიტ სუისთან“. ამ თემაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„არსებული ვითარება არის შემდეგი - გასული წლის დასასრულს ორი ძალიან მსხვილი განხილვა გვქონდა - ერთი სინგაპურში (პირველი ინსტანცია), მეორე ბერმუდაზე (აპელაცია). არ შევალ ამ განხილვების დეტალებში, გზადაგზა საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით. ალბათ ყველაზე საინტერესო არის თუ როდის ველოდებით გადაწყვეტილებებს და როგორი მოლოდინი გვაქვს.

პასუხი პირველ კითხვაზე - ზოგადად, სასამართლო სისტემას, სადაც ჩვენ ვდავობთ, აქვს ძალიან დიდი უცნაურობა, კონკრეტიკის გამოცნობა ვადებში ძალიან რთულია, მაგრამ დაახლოებით ვადა არის ამ წლის მარტიდან სექტემბრის ბოლომდე. ორივე სასამართლოში. რაც შეეხება მოლოდინს, ის ძალიან პოზიტიურია. „იმედის“ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რომ სინგაპურის დავის მიმდინარეობისას, ბანკის თავდაცვითი ტაქტიკა საცოდაობა იყო სანახავად, ამიტომ შედეგის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.

ბერმუდაზე კი ბანკმა მიმართა ტრასტების სახით ცნობილ ტაქტიკას პროცესის ბოროტად გამოყენებისა. იყო რამდენიმე აკრძალული ილეთი, რაც ბანკს ზოგადად ახასიათებს. მიუხედავად ამისა, ასევე პოზიტიურად ვართ განწყობილები საიმისოდ, რომ სააპელაციო სასამართლო სწორად შეაფასებს ბანკის აკრძალულ ტაქტიკას და სწორ შეფასებას და კვალიფიკაციას მისცემს იმ გარემოებებს, რაც საქმეში ფიგურირებს“, - განაცხადა ყიფიანმა.