რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „A Bola” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. დიდია ალბათობა რომ პოპულარული თავდამსხმელი დიდიე დროგბა ლონდონის „ჩელსის“ დაუბრუნდეს.
გამოცემას ბრიტანული კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესაუბრა. „განსაკუთრებულის“ მტკიცებით, დროგბას რამდენჯერმე პირადად ესაუბრა და ყოფილ გუნდში დაბრუნებაზე დაიყოლია.
ცნობილია რომ დროგბა ჟოზე მოურინიოს დიდი სიყვარულით სარგებლობდა. პორტუგალიელს თავის დროზე კოტ დივუარელის მადრიდის „რეალში“ გადაყვანაც სურდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
აფრიკელმა შემტევმა „ჩელსი“ 2012 წელს დატოვა და კარიერა ჩინურ „შანჰაიში“ გააგრძელა. აზიის კონტინენტზე ბურთაობა მალე მობეზრდა და თურქულ „გალათასარაიში“ გადაბარგდა.
თუ გამოცემას „A Bola” დავუჯერებთ, დიდიეს მოურინიოსთან მუშაობა კვლავ სურს და 35 წლის თავდამსხმელი მალე „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში აღმოჩნდება.