როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს — რეკომენდაციები

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს — რეკომენდაციები

მილიონობით წელია, დედამიწაზე ტექტონიკური ფილების გადაადგილების პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი პლანეტის სიღრმეში ეს ადამიანის გამოჩენამდეც ხდებოდა და ახლაც გრძელდება. მას ვერც შევაჩერებთ და ვერც რამენაირად შევეწინააღმდეგებით, ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც ქანების მოძრაობის შედეგად გამოწვეული ძლიერი მიწისძვრების დროს გვაქვს, თავდაცვაა.

მსგავსი სეისმური აქტიურობისას ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან არასწორად გადადგმულმა ერთმა ნაბიჯმა შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი სიცოცხლე შეიწიროს. ამას ისიც ართულებს, რომ მიწისძვრები არაპროგნოზირებადია, თუმცა ცნობილია ისეთი რეგიონების ადგილმდებარეობა, სადაც ასეთი მოვლენები მოსალოდნელია.

მათ შორისაა თურქეთ-სირიის საზღვარზე განლაგებული აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა, სამი ტექტონიკური ფილის შეერთების ადგილი, რომლისკენაც ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიქცეული. 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ აღნიშნულ არეალში შენობები მიწასთან გაასწორა, რასაც განმეორებითი ბიძგებიც დაემატა. დაღუპულია ათასობით ადამიანი, ნანგრევებში კი გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.

ამ შემზარავი კატასტროფის შემდეგ ბევრ ჩვენგანს გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრისას. გარეთ გაქცევა სჯობს, თუ სახლში დარჩენა? რამდენად უსაფრთხოა კიბეებით ან ლიფტით სარგებლობა? სახლის რა ნაწილში ვიქნებით ყველაზე დაცულად.

რატომ ინგრევა შენობები მიწისძვრის დროს

სანამ რეკომენდაციების ნაწილზე გადავალთ, მოკლედ ავხსნათ, რა იწვევს შენობების ნგრევას. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მეცნიერება და არქიტექტურა, ამ შემთხვევაში, მჭიდრო კავშირშია. სპეციალისტები პასუხისმგებელ პირებს მუდმივად აფრთხილებენ, რომ სეისმურად აქტიურ ზონებში განსაკუთრებულად გამძლე ნაგებობები უნდა აშენდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში ასე არ ხდება, რასაც მასშტაბური ნგრევები მოჰყვება. ფაქტობრივად, თანხის დაზოგვა საბოლოოდ უზარმაზარი ზარალით სრულდება, როცა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად თუნდაც დიდი დანახარჯის გაღება ნამდვილად ღირს.

ამ მხრივ სახარბიელო ვითარება არც საქართველოშია, სადაც თითქმის ყოველ მეორე ნაბიჯზე ძველი, გაბზარული კორპუსები ბედის ანაბარა დგას და არავინ იცის, როდის ჩამოიშლება. ხშირ შემთხვევაში, უკონტროლოა ახალი შენობების უსაფრთხოებასთან შესაბამისობაც.

მნიშვნელოვანია, როგორ არეალში მდებარეობს ნაგებობა, რადგან ზოგჯერ სეისმურ ტალღებს თავად მიწა ვერ უძლებს, რადგან ის შედეგად არამყარ მასად იქცევა, რომელიც ზემოდან მოქცეულ წონას ვეღარ აკავებს და ნგრევას განაპირობებს. მაგალითისთვის, სწორედ ამას ასახელებენ 1985 წელს მექსიკაში მომხდარი მიწისძვრისას შენობების განადგურების მიზეზად.

კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი არასაკმარისად გამძლე საძირკველია, რომლის თავდაპირველი მდგომარეობის ცვლილებასა და დაშლასაც მთლიანი ნაგებობის კოლაფსი მოჰყვება. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მცენარეებისთვის ფესვები, რომელთა გარეშეც მათი გადარჩენა შეუძლებელია — თუ ფესვი კვდება, კვდება მცენარეც.

ზოგჯერ ნგრევის უკან შენობის ქვედა ნაწილში განლაგებული სართული დგას, სადაც დიდი ღია სივრცეა, ნაკლები შიდა კედლითა და მაღალი ჭერით. ამის გამო ის სიმტკიცით არ გამოირჩევა და ბიძგების გავლენას უფრო მეტად განიცდის, ვიდრე ზედა სართულები, რომლებიც ხშირად შედარებით დაუზიანებელია.

ბოლოს, მნიშვნელოვანია საშენი მასალა, რომელზეც, თავისთავად, ბევრი რამაა დამოკიდებული.

საქართველოს მოსახლეობისთვის მიწისძვრები უცხო არაა, რა დროსაც ბევრი ჩვენგანი ინსტინქტურად კარისკენ გარბის, რათა შენობა რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს, მაგრამ რამდენად სწორია ეს? რა თქმა უნდა, არა.

მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ?

თუ შენობაში იმყოფებით:

პირველ რიგში, დარჩით სადაც ხართ, რადგან ოთახებში სირბილი კარგს არაფერს მოგიტანთ. აუცილებლად მოერიდეთ ფანჯრებს, კარებს, ბუხარსა და გარეთა კედლებს, რადგან ხშირად ისინი ინგრევა, შიდა კონსტრუქცია კი ნარჩუნდება. მოშორდით კარადებს და სხვა მძიმე ავეჯს, რომელიც შესაძლოა, დაგეცეთ და დაგასახიჩროთ. ნუ დადგებით ჭაღის ქვეშ, რადგან მისი ჩამოვარდნის შემთხვევაში საფრთხე გემუქრებათ.

ალბათ, გსმენიათ, რომ მიწისძვრისას საყრდენ კედელთან უნდა დადგეთ, რადგან მის მიმდებარედ ყოფნა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დაცულად მაგიდის ქვეშ იქნებით. ასეთ სიტუაციაში დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სწრაფად უნდა იმოქმედოთ.

სასურველია, თავი და კისერი ხელებით დაიფაროთ, რათა მოსალოდნელი ზიანი აიცილოთ. თუ მაგიდის დაბლა მთლიანი ტანით შეძრომას ვერ მოასწრებთ, ეცადეთ, მას სხეულის ზედა ნაწილი მაინც შეაფაროთ და რყევების დასრულებამდე მოეჭიდოთ.

მიწისძვრისას საწოლში ყოფნის შემთხვევაში თავის ზემოდან ბალიში ან რაიმე უფრო მყარი ნივთი მოაქციეთ, რასაც თქვენს მახლობლად დაინახავთ. ხელებსა და ფეხებზე დაყრდნობა დაგეხმარებათ, რომ საჭიროების მიხედვით ხოხვით მარტივად გადაადგილდეთ და არ წაიქცეთ. გახსოვდეთ, რომ ამგვარი კატასტროფისას დაზიანებების უმეტესობა ჩამოცვენილი ობიექტების მოხვედრითაა გამოწვეული, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ.

თუ გარეთ იმყოფებით:

მიწისძვრისას გარეთ ყოფნა უდიდესი პრივილეგიაა, რომელიც სწორად უნდა გამოიყენოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ნაგებობაში, პირიქით, მას შეძლებისდაგვარად მოშორდით და ისეთ ადგილზე გადაინაცვლეთ, სადაც შედარებით ნაკლები შენობაა. ამგვარად ნანგრევებში მოყოლის რისკს აირიდებთ თავიდან.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საფრთხეს მხოლოდ კოლაფსირებული კედლები არ ქმნის, არამედ უნდა მოერიდოთ ელექტროსადენებს, გაზის მილებს, ხეებს, ფანჯრებსა და ისეთ კონსტრუქციულ დეტალებს, რომლებიც არამყარია.

თუ მიწისძვრისას ავტომობილით გადაადგილდებით, დაუყოვნებლივ გაჩერდით ისეთ ადგილზე, სადაც ელექტროსადენები ან შენობები არაა. არ გაჩერდეთ ხიდის ან ხის ქვეშ. გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი, რათა მანქანა რყევისას მოულოდნელად არ დაიძრას. საფრთხის ჩავლამდე იქიდან ნუ გადმოხვალთ.

მიწისძვრისას:

არ გამოიყენოთ კიბეები და ლიფტი
არ შეისუნთქოთ მტვერი. თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელი ან ტანსაცმელი აიფარეთ
არ გამოიყენოთ სანთებელა, ასანთი და ელექტრო მოწყობილობები, რადგან შესაძლოა, რყევისას გაზმა გაჟონოს და ხანძარი გაჩნდეს
არ ჩავარდეთ პანიკაში
არ გადატვირთოთ სატელეფონო ხაზები

მიწისძვრის შემდეგ:

არ შეხვიდეთ შენობაში, რადგან შესაძლოა, განმეორებითი მიწისძვრების გამო შენობა ჩამოინგრეს
რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედეთ, დაელოდეთ ოფიციალურ ინფორმაციას მომყოლი ბიძგების შესახებ
არ გაჩერდეთ სახლში, თუ კედლებიდან უცნაური ხმები ისმის. ეს შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ მალე ის დაინგრევა
გადაკეტეთ გაზი, მით უმეტეს, თუ მის სუნს გრძნობთ
არც ამ შემთხვევაში გამოიყენოთ სანთებელა ან ასანთი, მათი შედარებით უსაფრთხო ალტერნატივა ფანარია
დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან ეს საკუთარი თავისა და სხვების გადარჩენაში დაგეხმარებათ.