სალმან რუშდი თავს იღბლიანად გრძნობს, თავდასხმას რომ გადაურჩა

სალმან რუშდი თავს იღბლიანად გრძნობს, თავდასხმას რომ გადაურჩა

წარმოშობით ინდოელ ინგლისურენოვან მწერალს 2022 წლის აგვისტოში ნიუ-იორკის შტატში დაესხნენ თავს, როცა იგი შემოქმედებითი თავისუფლების შესახებ საჯარო ლექციის წასაკითხად ემზადებოდა. მიყენებული მრავლობითი ჭრილობის გამო, იგი ადგილობრივ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

სალმან რუშდი 1980-იანი წლებიდან გამუდმებით იღებდა სიკვდილის მუქარებს — ძირითადად, ირანიდან. ეს მას შემდეგ, რაც ირანის მაშინდელმა ლიდერმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ, მისი მოკვლის მოწოდებით განკარგულება გამოსცა. მიზეზი მწერლის წიგნი, ეშმაკეული აიები, გახდა. მუქარების გამო, რუშდის წლების განმავლობაში მალვა და პოლიციის დაცვის თანხლებით სიარული უწევდა.

მწერლის აგენტის თქმით, რუშდის ამგვარი თავდასხმის შესაძლებლობაზე წინათაც უსაუბრია და საფრთხეს იგი ნებისმიერ ადგილას მოელოდა. აგვისტოში მომხდარი თავდასხმისთვის ნიუ-ჯერსიში მცხოვრები ლიბანური წარმოშობის კაცი, 24 წლის ჰადი მატარია დაკავებული. მედიაში გავრცელებული ცნობით, პოლიციის ოფიცრებმა მის მობილურ ტელეფონში ირანის რევოლუციის მცველების ერთ-ერთი ლიდერის ფოტო იპოვეს. თავად მატარი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

მწერალმა 2022 წლის აგვისტოში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა და ცალ ხელსაც ვეღარ ამოძრავებდა, თუმცა, მისი თქმით, თავს იღბლიანად გრძნობს, რომ გადარჩა.

"თავს იღბლიანად ვგრძნობ. იმას ვგულისხმობ, რომ ჩემში ამჟამად ყველაზე ძლიერი გრძნობა მადლიერებაა," — განაცხადა მწერალმა. — "ყოველთვის ვცდილობდი, რომ მსხვერპლის მენტალობა არ მქონოდა. 'ვიღაცამ დანა გამიყარა, საბრალო მე...'— ხანდახან ამასაც ვფიქრობ, მაგრამ არ მინდა, ჩემმა მკითხველმაც ეს იფიქროს. მინდა, ისინი ამბავმა მოაჯადოოს, გაიტაცოს".

მწერლის თქმით, თავდასხმის შემდეგ წერა უჭირს ხელში მგრძნობელობის დაკარგვის გამო, თუმცა ცერა და საჩვენებელ თითს თერაპიის შემდეგ უკვე თითქმის ამოძრავებს.