თურქეთში საქართველოს ელჩი: მთელი ღამე ეძებდნენ საქართველოს ექვს მოქალაქეს, ორი ამ დრომდე ვერ ვიპოვეთ

თურქეთში საქართველოს ელჩი: მთელი ღამე ეძებდნენ საქართველოს ექვს მოქალაქეს, ორი ამ დრომდე ვერ ვიპოვეთ

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ საქართველოს ორ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. ელჩის თქმით, სამაშველო სამსახური მთელი ღამე ეძებდა ექვს მოქალაქეს და ოთხი იპოვეს.

„ვითარება დღეს დილისთვის არის შემდეგი: გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები, ვიპოვეთ რამდენიმე ჩვენი მოქალაქე. ღამისთვის ექვსი მოქალაქის ძიება მიმდინარეობდა. საელჩო არის 24-საათიან რეჟიმში. საბედნიეროდ, ოთხი ვიპოვეთ. გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში. ჯანმრთელად და კარგად არიან. სამწუხაროდ, ორი მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამუშაოები. ყოველ საათში ვუკავშირდებით ჩვენს თურქულ მხარეს და ჯერჯერობით სამაშველო სამსახური გვპასუხობს, რომ არ არის დამთავრებული საძიებო პროცესი. აქედან გამომდინარე, მარტო ორი დაგვრჩა მოსაძებნი. სტატისტიკა ასეთია:100-ზე მეტია ნაპოვნი, ორი გარდაცვლილი და ორიც დაკარგულია. რაც შეეხება დანარჩენებს, დღის განმავლობაში ალბათ უფრო მეტი ინფორმაცია დაგვიგროვდება. შემოსული ზარები დღის განმავლობაში არ ყოფილა. ზარები შემოდის, მოქალაქეები გვირეკავენ, გვეუბნებიან აქ ვართო, ვუკავშირდებით, გვინდა, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაციები ვიცოდეთ მათი ადგილსამყოფელის შესახებ“, - აცხადებს გიორგი ჯანჯღავა.

6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. 31 000-ს აღემატება დაშავებულთა რაოდენობა.