2023 წლის 5 თებერვალს გრემის 65-ე დაჯილდოება გაიმართა, რომელშიც ყველაზე მეტი ნომინაციით ბიონსე ლიდერობდა. მომღერალი 9 ნომინაციაში იყო წარდგენილი, რომელთა შორის ოთხში გაიმარჯვა და პირველი მომღერალი გახდა, რომელსაც გრემის რეკორდული რაოდენობა — 32 ჯილდო აქვს.
ვარსკვლავმა 2023 წლის გრემის ჯილდოები წლის საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულებისთვის (Plastic Off The Sofa), წლის საუკეთესო ცეკვისა და ელექტრონული ჩანაწერისთვის (Break My Soul), საუკეთესო R&B სიმღერისთვის (Cuff It) და საუკეთესო ცეკვისა და ელექტრონული ალბომისთვის (Renaissance) მიიღო.
რაც შეეხება წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციას, მასში ლიზომ გაიმარჯვა სიმღერით About Damn Time. დაჯილდოების ცერემონიაზე სამადლობელ სიტყვაში ლიზომ ბიონსეს საუკუნის ხელოვანი უწოდა და უთხრა, რომ მეხუთე კლასში, როცა მისი კონცერტის სანახავად გაიპარა სკოლიდან, ბიონსემ თავისი სიმღერებით ისეთი შეგრძნება მოჰგვარა, მოუნდა, მსგავსი ბედნიერება მასაც მიენიჭებინა თავისი მსმენელისთვის.
"სკოლა გავაცდინე, შენი კონცერტისთვის რომ მეყურებინა. შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე," — მიმართა სცენაზე ასულმა ლიზომ ბიონსეს.
ლიზოს გამოსვლამ მაყურებელშიც დიდი ემოციები გამოიწვია და ტრევორ ნოამ იხუმრა, რომ მომღერლისთვის საუკეთესო სიტყვით გამომსვლელის ჯილდოც უნდა გადაეცათ.