Stranger Things-ის მსახიობმა ფინ ვოლფჰარდმა ნოა შნაპის დაქამინგაუთებას მხარი ღიად დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შნაპმა ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ახლობელ ადამიანებთან თავისი ქამინგ აუთის გამოცდილებაზეც ჰყვება.
"როცა ეს ვიდეო ვნახე, დიდხანს მეღიმებოდა. მე მისით ძალიან ვამაყობ. მართალია, ჩვენ ყოველდღე ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებს არ ვუგზავნით, მაგრამ ნათესავებთან ვინმე ამას აკეთებს? ალბათ, არა. Stranger Things-ის მსახიობები ჩემი ოჯახია. ჩვენ ერთმანეთს დაბადების დღეებზე ვნახულობთ და დროდადრო ვსაუბრობთ კიდეც. ოჯახის მთავარი პრინციპიც ეს არის. თუ ოდესმე რამე დამჭირდება, ისინი აქ არიან", — განაცხადა ფინ ვოლფჰარდმა.
რაც შეეხება ნოა შნაპის ტიკტოკს, მან საკუთარი გამოცდილების შესახებ ღიად და გულწრფელად ისაუბრა. "როცა შიშში 18-წლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვუთხარი, რომ გეი ვარ, მათ კი მხოლოდ ის მიპასუხეს, ვიცითო", — წერს მსახიობი და პირს აყოლებს ტიკტოკის 'საუნდს': "იცი, რა არ ყოფილა ეს? ასეთი სერიოზული ამბავიც. ასეთი სერიოზული ამბავი არასდროს ყოფილა ეს. ალალად ვამბობ, სერიოზული ამბავი არც არასდროს იქნება".
შნაპმა ვიდეოს აღწერაში ასევე აღნიშნა, ალბათ Stranger Things-ის პერსონაჟ უილს იმაზე მეტად ვგავარ, ვიდრე მეგონაო. საქმე კი ისაა, რომ სერიალის გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ უილ ბაიერსის სექსუალურ ორიენტაციას. საბოლოოდ, ამ თეორიას თავად მსახიობიც გამოეხმაურა გასულ ზაფხულს; შნაპმა დაადასტურა, რომ უილი გეია და მას თავისი საუკეთესო მეგობარი, მაიკი, უყვარს.