სამი დღის წინ მადრიდის „რეალმა“ ბრიტანულ „ტოტენჰემს“ გარეთ ბეილის სანაცვლოდ 93.8 მილიონი ევრო შესთავაზა. ინგლისურმა გუნდმა ამ თანხაზე უარი განაცხადა და ფეხბურთელი 120 მილიონ ევროდ შეაფასა.
ცნობილია რომ თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ესპანეთში სურს, მაგრამ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა მის გაშვებას ცოცხალი თავით არ აპირებს.
გუშინ, გვიან ღამით მადრიდელებმა ინგლისელებს ახალი პირობა შესთავაზეს. ისინი უელსელ ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამის გარდა „ხურდაში“ ფაბიუ კოენტრაუ და ანხელ დი მარია შესთავაზეს. ამ ორ მოთამაშეში „სამეფო გუნდმა“ თავის დროზე 30-30 მილიონი ევრო გადაიხადა.
ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში ამ წინადადებით დაინტერესდა, რადგან კოენტრაუსთან და ანხელ დი მარიასთან მუშაობა თურმე დიდი ხნის განმავლობაში სურს.
ალბათ სულ რაღაც რამდენიმე დღეში გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ მოთამაშე ოფიციალურად გახდება. უელსელი ამავდროულად ერთი რეკორდიც მფლობელიც აღმოჩნდება.
2009 წელს „რეალმა“ კრიშტიანუ რონალდოს სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 96 მილიონი ევრო გადაუხადა. გარეთ ბეილი ამ რეკორდს მოხსნის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად გადაიქცევა.