„ზენიტმა“ ლევანდოვსკის შეძენა მოისურვა

„ზენიტმა“ ლევანდოვსკის შეძენა მოისურვა

რამდენიმე საათის წინ პოლონურმა ვებ-გვერდმა „futbol.pl” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა რომ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ხელმძღვანელობა დორტმუნდის „ბორუსიას“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა და თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკის გასაყიდი ფასის დასახელება მოსთხოვა.

საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ პოლონეთის ეროვნული გუნდის შემტევს კარიერის გაგრძელება მიუნჰენის „ბაიერნში“ სურს. დორტმუნდელებმა ფეხბურთელი „მოსისხლე მტრის“ ბანაკში კატეგორიულად არ გაუშვეს.

პოლონელს ამჟამინდელ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება. ამის მიუხედავად მის გაყიდვას არ აპირებენ და თანახმანი არიან მას 2014 წლის ივნის-ივლისში უფასოდ შეელიონ.

ამ ფონზე რუსების აქტიურობა მოულოდნელ ფაქტად აღიქმება. ცნობილი გახდა რომ ლევანდოვსკის ყიდვა „ზენიტის“ იტალიელი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტის დიდი ხნის ოცნებაა.

კულუარული ცნობით, „გაზპრომის“ მიერ დაფინანსებული სანკტ-პეტერბურგის გუნდი დორტმუნდელებს 35 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელისა და „ბორუსიას“ უფროსობის კომენტარი ამ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.