სუპერმოდელი სინდი კროუფორდი და მისი ქალიშვილი, თანამედროვე სამყაროს ერთ–ერთი წამყვანი ტოპ მოდელი კაია გერბერი ძალიან გვანან ერთმანეთს, 21 წლის ვარსკვლავი გამოკვეთილი სახის ნაკვთებითა და დიდი, მეტყველი თვალებით, საკულტო სუპერმოდელი დედის ასლია, რომლის დებიუტიც ყველაზე გავლენიან ჟურნალში – Vogue, 19 წლის ასაკში ეგზომ წარმატებულად შედგა. მიუხედავად იმისა, რომ კაიამ და სინდიმ სამოდელო ინდუსტრიის გაცნობა სხვადასხვა ეპოქაში დაიწყეს, ზოგიერთ წარმატებულ პროექტზე მათ რამდენჯერმე ერთადაც იმუშავეს.
სინდი კროუფორდმა სამოდელო კარიერა ჩიკაგოში, 16 წლის ასაკში დაიწყო, სანამ Vogue “18+ პოლიტიკას” მიიღებდა. დედის მსგავსად, კაიამ მოღვაწეობა იმავე სფეროში სწორედ 16 წლის ასაკში დაიწყო. დღეს მისი “პოდიუმის რეზიუმე” ისეთივე შთამბეჭდავია, როგორიც ერთ დროს, მის ასაკში, სინდი კროუფორდის იყო. კაია გასული წლების განმავლობაში გამოვიდა ისეთი გავლენიანი მაღალი მოდის ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა Chanel, Saint Laurent და Prada. მოდის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდების ჩვენებებზე რამდენჯერმე გამოსული გოგონა უკვე მინიმუმ ტოპ მოდელის სტატუსის მატარებელია. ვარსკვლავურმა დედა–შვილმა პოდიუმზე 2018 წელს, Versace-ს შოუზე ერთადაც გაიარა.
ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ხშირად შვილებს წარმატებული მშობლები გზის გაკვალვაში ეხმარებიან, თუმცა, არსებობენ მოზარდები, რომლებსაც წარმატების მიღწევა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდით უნდათ. რა თქმა უნდა, კაია გერბერი საზოგადოებამ სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის გავლენებით შეამჩნია, თუმცა, ფაქტია, რომ ახლა უკვე მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ მოდელი შრომისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამას საზოგადოება მოელოდა.
ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული მოდური გამოცემის, ფრანგული Vogue-ის გარეკანი კაია გერბერმა პირველად 2016 წელს, 14 წლის ასაკში დედასთან ერთად დაამშვენა. პირველი ჯილდო კი მოდის განხრით მან The Daily Front Row-ს მოდის მეოთხე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, breakthrough model of the year კატეგორიაში მიიღო.
შენ ბავშვობის პერიოდში უკვე ინტენსიურად ემზადებოდი მოდელობისთვის, როგორი შეგრძნება იყო ეს შენთვის?
ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და უკვე მგონია, რომ უკვე მთელი ცხოვრება ვიცხოვრე. მე ბევრჯერ მომეცა შესაძლებლობა მემოგზაურა მსოფლიოს გარშემო, რაც არაერთხელ დამეხმარა ამემაღლებინა ცნობიერება. მე ვინახავ პატარა კატალოგს, სადაც აღწერილია ჩემი განვითარება, ზრდა, სახის ნაკვთების ევოლუცია, სხეულის ცვლილება, ყველაფერი, რაც გავიარე, ხშირად ვუყურებ ჩემი განვითარების პერიოდს და მეამაყება.
საუკეთესო რჩევა, რაც დედისგან მიგიღია?
იყავი პუნქტუალური, ყოველთვის მიდი დანიშნულების ადგილას დროულად. არავის უყვარს მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო ადამიანები. ყოველთვის კარგად მოექეცი ყველას, რადგან შენ თუ არ მოგწონს შენს გარშემო მყოფი ადამიანები, ძალიან ბევრი გოგონა მოუთმენლად ელის შენს ადგილს. მაშინაც კი, როდესაც ძალიან ვიღლებოდი და სახლში მინდოდა წასვლა, საკუთარ თავს ვახსენებდი, რამდენად იღბლიანი ვიყავი. თითოეული შოუ და თითოეული ფოტოსესია ძალიან ემოციურია ჩემთვის. ზოგადად, ძალიან რთულია დაიმახსოვრო ყველა მომენტი, ასე რომ მე დეტალებს ვინიშნავ პატარა ჟურნალში. შემდეგ კი, როდესაც მინდება მათი გახსენება, ვშლი ჩანაწერებს და ყველაფერი თვალწინ მიდგება.
თქვენ ბევრჯერ ახსენეთ ის, რომ გინდათ ადამიანებმა დაინახონ თქვენი რეალური სახე და არა ის, რასაც ეკრანზე ხედავენ, რას გულისხმობთ?
რა თქმა უნდა, საზოგადოება მიყურებს“გაბრაზებულს” პოდიუმზე და ვერ ხვდებიან როგორი ადამიანი ვარ, როგორი პიროვნული მახასიათებლები მაქვს. მათ არ იციან როგორი იუმორი მაქვს, როგორი დამოკიდებულება გამაჩნია საყვარელი ადამიანების მიმართ.
თქვენ ხშირად გაკრიტიკებენ ვარსკვლავური მშობლების “ხათრით” მიღებული პრივილეგიების გამო. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამის მიმართ?
როდესაც სამოდელო ბიზნესში დავიწყე მუშაობა, მე უკვე ცნობილი ოჯახი მყავდა, ამიტომ ჩემს შესახებ აზრი ადამიანებს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ. სანამ წინ წავიდოდი, ყოველთვის უკან მიწევდა დახევა, რადგან ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანებისთვის იმის დამტკიცება იყო, რომ ცდებოდნენ.
ვაღიარებ, რომ პრივილეგია მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერს არ ნიშნავს. საერთაშორისო სამოდელო სამყარო ჩემთვის ნამდვილად არ იყო უცხო, რადგან ძალიან დიდი სანაცნობო წრე მყავდა. მოდის ინდუსტრია ახალ სამყაროს არ ჰგავდა, როგორც ეს დამწყები მოდელების შემთხვევაშია. დაახლოებით ვიცოდი, როგორ მუშაობდა ეს ბიზნესი, რას ითხოვდნენ ჩემგან და მე რა მევალებოდა, თუმცა, მიუხედავად პრივილეგიებისა, არსებობს რაღაცები, რასაც ვერავინ ვერ გასწავლის და საკუთარი გამოცდილებიდან უნდა აითვისო. მარტივია ადამიანის განსჯა, როდესაც მისი ოჯახის წევრებს კარგად იცნობ. ჩემთვის ეს ყველაზე არახელსაყრელი მომენტი იყო. ადამიანები ყოველთვის გაკრიტიკებენ, მოუხედავად იმისა, იციან თუ არა რას აკეთებ.
როგორ უფრთხილდებით თქვენ მენტალურ ჯანმრთელობას?
მე განვავითარე ძლიერი ურთიერთობა საკუთარ თავთან, კავშირი, რომლის საშუალებითაც შემიძლია “დავაძალო” საკუთარ თავს ჩავუტარო თერაპია. ჩემი პირადი ცხოვრება და მენტალური ჯანმრთელობა არის ის, რასაც სამსახურის გამო ნამდვილად ვერ დავაზიანებ. მე ვიპოვე სიმშვიდე, მსიამოვნებს ძაღლებთან ერთად ყოფნა, სანაპიროზე სეირნობა, მეგობრებთან ერთად გართობა და ოჯახის წევრებთან ერთად ფილმების ყურება. ეს საუკეთესო თერაპიაა.