მეცნიერები გადაშენებული ფრინველის გაცოცხლებას გეგმავენ

მეცნიერები გადაშენებული ფრინველის გაცოცხლებას გეგმავენ

გენურ ინჟინერიაზე მომუშავე კომპანია Colossal Bioscience გადაშენებული ფრინველის, დოდოს (Raphus cucullatus), იგივე მავრიკიული დრონტის გაცოცხლებას გეგმავს. იმავეს აპირებენ ბეწვიანი მამონტისა და ტასმანიური მგლის შემთხვევაშიც. ამ პროექტისთვის მათ ახლახან დამატებით 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღეს, რის შედეგადაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სტარტაპად იქცნენ.

"დოდო უპირველესი მაგალითია ისეთი სახეობების, რომელთაც თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელ არეალში გადარჩენა ჩვენ — ადამიანთა — გამო ვერ შეძლეს.

ჩემი კარიერა მთლიანად უძველესი დნმ-ის გენეტიკური კვლევის წინსვლაზეა ორიენტირებული და ვარ პირველი, რომელმაც დოდოს გენომი გაშიფრა. შესაბამისად, მის გასაცოცხლებლად Colossal Bioscience-თან და მავრიკიელებთან თანამშრომლობის დაწყება ამაღელვებელია", — აცხადებს კომპანიის წამყვანი პალეონტოლოგი, ბეთ შაპირო.

დოდო არამფრენი ფრინველი იყო, რომელიც კუნძულ მავრიკიზე ბინადრობდა. ის წელიწადში მხოლოდ ერთ კვერცხს დებდა, მაგრამ ამას პოპულაციის რაოდენობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. ევროპელები აღნიშნული სახეობის წარმომადგენელს პირველად 1507 წელს გადააწყდნენ და როდესაც იქ ჩავიდნენ, თან ვირთხები, ღორები, თხები, ირმები და მაკაკებიც გაიყოლეს. ეს ცხოველები დოდოს კვერცხებს საკვებად იყენებდნენ, რის გამოც დაახლოებით 1690 წლისთვის Raphus cucullatus უკვე გადაშენდა.

დოდოს საკმაოდ მოზრდილი სხეული ჰქონდა, რომელიც მონაცრისფრო ბუმბულით იყო დაფარული. ის 22 კილოგრამამდე იწონიდა და დიდი ზომის მომრგვალებული ნისკარტი გამოარჩევდა. მის ნათესავ სახეობებს შორის არიან მტრედები და სვავები, ყველაზე მეტად კი მსგავსებას ნიკობარული მტრედი იზიარებს.

როგორც უკვე ვახსენეთ, კომპანიას ბეწვიანი მამონტისა და ტასმანიური მგლის გაცოცხლებაც სურთ, თუმცა დოდო პირველი ფრინველია, რომელიც პროექტის გეგმებში მოხვდა. ბეთ შაპიროს თქმით, იმის მიუხედავად, რომ დოდოს გენომის გაშიფვრა მოხერხდა, გაცოცხლების შემთხვევაში, ის გადაშენებულ სახეობას ვერ ჩაანაცვლებს და ვერც ბიომრავალფეროვნების პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.

ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ კომპანიის ეს გეგმა ძნელი განსახორციელებელი იქნება. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ იმას, თუ რამდენად გვჭირდება დოდოს გაცოცხლება და რა არის ამის მიზანი. მათი აზრით, სჯობს, ისეთი ცხოველების გადარჩენაზე ვიფიქროთ, რომლებიც გადაშენების პირას არიან.