ჰარი პოტერის ფილმებმა ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრება შეცვალა მთელს მსოფლიოში, თუმცა განსაკუთრებით მაინც — მათი, ვინც ჩვენთვის საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდნენ. რუპერტ გრინტი, რომელიც ჟღალთმიანი რონ უისლის როლით გავიცანით, ახალ ინტერვიუში სწორედ იმ გავლენასა და ტრანსფორმაციაზე საუბრობს, რაც ამ ფილმებმა მის ცხოვრებაზე მოახდინა.
მსახიობის თქმით, ცნობადობასთან, რაც რონის განსახიერებამ მოუტანა, გამკლავება ყოველთვის ადვილი არ იყო: "ფილმის გადაღებები მთელი წელი გრძელდებოდა, მუშაობის დასრულებისთანავე კი ფილმის პიარ-კამპანიას ვიწყებდით. საერთოდ არ გვქონდა ამოსუნთქვის საშუალება."
რუპერტი 11 წლის იყო, როცა რონის როლი მიიღო და 22 წლის — როცა ფილმების გადაღება დასრულდა. მსახიობის თქმით, ჰარი პოტერის ბოლო ფილმზე მუშაობის შემდეგ, დარწმუნებული არ იყო, ისევ უნდოდა თუ არა სამსახიობო კარიერის გაგრძელება.
"შესვენება მჭირდებოდა, რომ ყველაფერზე მეფიქრა... ძალიან უცნაური იყო ეს შეგრძნება, თუმცა ვფიქრობ, შესაფერის დროს დავასრულეთ; რომ გაგვეგრძელებინა, შესაძლოა, ცუდად განვითარებულიყო მოვლენები."
მსახიობის თქმით, მადლიერია, რომ ამ ფილმებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცა და ვინმემ რომ რონი დაუძახოს, აუცილებლად უპასუხებს : "ეს ჩემი მეორე სახელია."
რუპერტის თქმით, მან, დენიელმა და ემამ მართლაც საოცარი გამოცდილება მიიღეს, რისი რეალურად გაგება და გააზრება მხოლოდ მათ შეუძლიათ.