ამერიკელმა კინორეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი გამორჩეული ფილმი შექმნა. თუმცა, მათგან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი კინოსურათი შინდლერის სიაა, რომელიც მაყურებელმა პირველად 1993 წელს იხილა. თომას კენილის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც ჰოლოკოსტის პერიოდის საშინელებებს ასახავს, ოსკარზე 12 ნომინაციაში იყო წარდგენილი, საიდანაც 7 მოიგო კიდეც.
ფილმის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ, სპილბერგი საუბრობს, რატომ იყო მნიშვნელოვანი ფინალური სცენის გადაღება, რომელიც კინოსურათს მოგვიანებით დაემატა. ამ სცენაში ჰოლოკოსტს გადარჩენილები ოსკარ შინდლერის მოსაგონრად მის საფლავზე მიდიან და ქვებს აწყობენ. ლეგენდარული რეჟისორის თქმით, ეს მაყურებლისთვის იმის საჩვენებლად იყო, რომ ფილმში ასახული მოვლენები რეალურ ფაქტებს ეფუძნება.
"იმ დროისთვის ჰოლოკოსტის უარმყოფელთა ტალღა ისევ ძლიერდებოდა და სწორედ ამ მიზეზით გადავიღე ფილმი 1993 წელს", — ჰყვება სპილბერგი, — "მისი დასასრულით კი ვაჩვენეთ, რომ ფილმში ყველაფერი სიმართლე იყო".
რეჟისორის თქმით, იქამდე არასდროს გადაუღია ისეთი ფილმი, რომლის სათქმელის გაგონებაც მსოფლიოსთვის ამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა.
"მისი სათქმელი კი დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს 1993 წელს იყო, რადგან ახლა ანტისემიტიზმი მაშინდელზე მძლავრია", — ამატებს სპილბერგი.
აღსანიშნავია, რომ შინდლერის სიამ, კინოკრიტიკოსების აღიარების მოპოვებასთან ერთად, კომერციულ წარმატებასაც მიაღწია. $22-მილიონიანი ბიუჯეტით გადაღებულმა კინოსურათმა მსოფლიოში $320 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. ამასთან, 2007 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა შინდლერის სია ყველა დროის 100 საუკეთესო ამერიკულ ფილმს შორის მე-8 ადგილზე დაასახელა.
შინდლერის სია გერმანელი მეწარმის, ოსკარ შინდლერის, რეალურ ისტორიას ეფუძნება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შინდლერმა 1 100-ზე მეტი ებრაელი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.