აბუჩად აგდებული ხელისუფლება, როგორც ახალი ფენომენი გეოპოლიტიკაში

აბუჩად აგდებული ხელისუფლება, როგორც ახალი ფენომენი გეოპოლიტიკაში

აბუჩად აგდება - ვისიმე არარად მიჩნევა, არარა - არაფრის მაქნისი, ყოველგვარ ღირსებას მოკლებული (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი 1986)

ნიუ-იორკიდან ლონდონისკენ გამოფრენილი Boeing-787-ის მთავარმა სტიუარდმა სავარძელში მოთავსება არ დამაცადა და აფრენისთანავე მომაწოდა გაზეთ „European voice“-ის ივლისის ნომერი. სტიუარდი მეტად აღშფოთებული ჩანდა და მისი ქმედებაც უჩვეულო იყო, რისი მიზეზის ძიებასაც არ დამიწყია. მან დაჟინებით მთხოვა ჩემი მოსაზრებების გაზიარება გაზეთის ამ ნომერში დაბეჭდილი, საქართველოს პარლამენტის წევრის, ბ-ნ თედო ჯაფარიძის სტატიაზე.

სტიუარდი, რომელიც სახელად მიტო აღმოჩნდა, ააღელვა სტატიის ფორმამ და შინაარსმა, განსაკუთრებით ბოლო პასაჟმა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპის სახალხო პარტიის მიერ აბუჩად აგდებულად, ანუ არარად არის მოხსენიებული.

მიტო წარმოშობით ქართველია. მამამისი, საქართველოს ეროვნული ბანკის დამაქცეველთა, დვალიშვილის შავ სიაში მე-6 იყო, ახლა კი ფლორიდიდან, ცუნამის შედეგად დაძირულ მანქანებს აგზავნის საქართველოში და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ექპორტის ზრდას. მიტო 17 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრობს, ამჟამად კი „American Airlines-ში“ მუშაობს.

ახალგაცნობილი, რომელმაც თურმე ტრანზიტულ მგზავრთა შორის აღმომაჩინა, შორიდან მაკვირდებოდა, დავიწყე თუ არა სტატიის კითხვა. ეს პროცესი სათაურის და შინაარსის ზედაპირული გაცნობისთანავე შევწყვიტე, ვინაიდან წაკითხულიდან ვერაფერი გავიგე. მიტო იქვე გაჩნდა. მე მას ავუხსენი, რომ ფხიზელ მდგომარეობაში ამ სტატიაზე დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იყო სათაურის, აზრთა წყობის და შინაარსის აბსურდულობის გამო.

მიტომ იქვე შემომაშველა ვისკის დიდი დოზა. არც ამან მიშველა. მან საქმეში „სისხლიანი მერი“ ჩართო. მრავალთაგან თითო, მორიგ ჩამოსხმაზე მიტო გაუთავებლად მეკითხებოდა - მართალია თუ არა, რომ ჩვენ ქართველები, ჩვენი ხელისუფლების სახით, როგორც ბ-ნი თ. ჯაფარიძე აცხადებს, აბუჩად აგდებულნი, ანუ არარანი ვართ.

მიტოს, მამამისისგან, სუფრასთან ჰქონდა გაგონილი რაღაცეები ჩვენს სამშობლოსმოყვარეობაზე, სიამაყეზე, თავმოყვარეობაზე და იმ მრავალ ამაღლებულ ცნებებზე, რომლებიც ქართველთა უმეტესობას, გონებაში ძირითადად სადღეგრძელოთა თქმისას ამოგვიტივტივდება და ნაბახუსევზე გვიქრება.

მიტოს ავუხსენი, რომ დასკვნის გაკეთებისთვის დრო მჭირდებოდა. ინგლისური ტექსტის წაკითხვამ შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან მე, თითქოსდა კარგმა მოინგლისურემ წაკითხულიდან ვერაფერი გავიგე. საჭირო შეიქმნა ქართული ტექსტის მოპოვება, რაც მიტომ მყისიერად განახორციელა და წარმომიდგინა ინტერნეტში მოძიებული ქართული ტექსტი.

ქართული ტექსტის შინაარსის გაშიფრვა არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა, რის გამოც მთელი საფრენი ღამე ბრიტანული ენციკლოპედიის საიტის კითხვაში გავატარე.

დილისთვის სტატიის ანალიზი თითქმის დავამთავრე, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე, რადგან თვითმფრინავი ჰითროუს აეროპორტში დაჯდა. მიტოს შევპირდი, რომ პასუხს მოკლე ხანში გავუგზავნიდი, რასაც ვანხორცილიებ კიდეც ღია წერილის სახით. მასში განხილული საკითხებით შესაძლებელია სხვებიც დაინტერესდნენ. „ძვირფასო მიტო, სულის სიღმემდე შემძრა შენმა დამოკიდებულებამ საქართველოსადმი. მე, 20 წლის სტაჟიან ყოფილ ემიგრანტს, მიკვირს, რომ ვიღაცას, სადღაც, საქართველოზე, როგორც სამშობლოზე კიდევ შესტკივა გული.

მადლობას გიხდი შენს მიერ, ჯერ ვერნახული სამშობლოს სიყვარულის განცდისთვის. ჩემის მხრივ, შენი თხოვნის საფუძველზე მოგახსენებ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდოს „აბუჩად აგდებულად“.

აბუჩად ასაგდებები მაშინ ვიყავით, როდესაც ცხრა წლის განმავლობაში გადაგვარებული ბუში პირანუსელები გვმართავდნენ და ცოცხლად მარხავდნენ ჩვენს ტრადიციებსა და სახელმწიფოებრიობას, ქვეყანა საპყრობილედ და ჯოჯოთა სათარეშოდ აქციეს, სახელად კი დემოკრატიის შუქურა დაირქვეს.

ქართველებს ერთი უბედურება გვჭირს - კაცთა სიმცირის გამო, ნამდვილ კაცს ორჯერ კაცს, ანუ კაცურ კაცს ვუწოდებთ, რასაც ანალოგია არ აქვს მსოფლიო ლინგვისტიკაში. ამავე მიზეზით, ხშირად ქალებს ვაჟკაცებს ვუწოდებთ, რადგანაც ოჯახთა რჩენის საკითხი ძირითადად მათ აქვთ გადაბარებული.

შედეგად, ქვეყანას ათწლეულები მართავდნენ კაცთა მაცილობელი ქალები და ქალთა მიერ მართული კაცები, შეურაცხადი თაღლითები, ხმადაყენებული ხვლიკები, შიგმძრომი და შიგმქონი სალამანდრები, რომლებიც პოლიტიკოსობაზე დებენ თავს და ხალხზე მზრუნველად წარმოგვიდგებოდნენ და წარმოგვიდგებიან მათ დამქაშებთან ერთად. ასე წარმოიშვებოდა ისეთი ფენომენი როგორიცაა ლავრიკ და ვასილ პავლოვიჩები, ედო, მამადუ, მიხუი და ათასობით მათი დამქაშები, რომელთა მთავარი მიზანი იყო სახელისუფლო სალაფავის გობთან მიღწევა და თქვლეფა, რაც ძირითადად,საბოლოოდ საზღვარგარეთ პლედით მთავრდებოდა და დამთავრდება.საერთოდ, პლედი რომ სპორტის სახეობა იყოს, ყველა ოლიმპიური და სხვა ოქრო ჩვენი იქნებოდა. მარადიული ჩემპიონი ,თქვენც კარგად იცით ვინც იქნებოდა.ყოველ მათგანს, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ერთი სახელი - არარაობა - ნამდვილადაც ჰქვიათ.

ქვეყნის ან ინდივიდის პრობლემები მათ ისევე აწუხებდათ, როგორც პირანუსელთა დედოფალ ნადირაშვილს ნაზდაკის ინდექსები.

ხსენებულ გობთან გვერდზე გავლასაც კი ერთი საოცარი შედეგი მოჰყვება, აჩენს მოურჩენელ ავადმყოფობა - ქედმაღლობას, რომლის სიმპტომებიცაა სხვათა აზრის სრული იგნორირება და თავის მიჩნევა სამყაროს ცენტრად. შედეგად, გობშეხებულ პირთა მიერ ინტენსიურად ხდება უაზრო აზრთა გენერირება, რომლებიც არა მარტო მათ ავტორს, არამედ ხშირად ქვეყნის იმიჯსაც აკნინებს. სწორედ ამ გობის ტრაექტორიაზე იყო შემჩნეული, დიდი ხნის წინ, განსახილველი სტატიის ავტორი, რომელიც ალბათ მიიჩნევს, რომ ქართველთა ძირითადი მასის რეგვენობისა და სიზარმაცის გამო, მის ნაშრომთა სიღრმეს ვერავინ ჩასწვდება. შედეგიც სახეზეა.

ამ საკითხს არ შევეხებოდით, რომ არა ის ფაქტი, რომ ერთუჯრედოვანი ნაცხროველი პირანუსელები დიდად ხარობენ ნებისმიერი შეცდომის გამო, რომელსაც მმართველი ხელისუფლება შეიძლება უშვებდეს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად, პირანუსელები თვით „ოცნების“ წევრთა მიერ წარმოჩინდებიან ისეთ ავტორიტეტებად, რომლებიც პიროვნულად ახდენენ ზეგავლენას დასავლეთში საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე. ბევრი ასეთი გვსმენია თვით მთავარ პირანუსელზე და მისი ხროვის წევრებზე, კანდელაკზე, თარგამაძეს, აკოსა და სხვებზე, რომლებსაც op stop-ზე ჰყავთ დაყენებული დასავლელი პოლიტიკოსები და მედია და რომლებიც ყოველთვის ასწრებენ ყველას საქართველოს რენომესთან დაკავშირებული სისულელისა და სიცრუის ტირაჟირებაში.

კომპეტენტურად წოდებული უწყებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი პირველი პირის სახით, მუდამჟამ პირობას დებენ, რომ გადაამოწმებენ ტირაჟირებული კრეტინიზმის სისწორეს და საკადრის პასუხსაც გასცემენ მათ ავტორებს. სავალალოდ ასეთი პასუხის გაცემის შედეგები დღემდე არ გვინახავს და არც გვსმენია.

დიდად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არც ამჟამინდელი პარლამენტის უმრავლესობის წევრები გამოირჩევიან აქტიურობით შიდა და გარე პარაზიტთა პროპაგანდის გაცამტვერების საკითხში და ვატერლოოს ბრძოლის მოგების დარად წარმოგვიჩენენ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სალანძღავი დადგენილების დღის წესრიგიდან მოხსნას, ნაცვლად იმისა, რომ მისი ამჟამინდელი, ნამდვილი დემოკრატიული სახე იქნას წარმოჩენილი.

ახლა კი, უშუალოდ განსახილველი წერილის შესახებ.

ზოგადად, ძალზედ რთული აღმოჩნდა იმის დადგენა, თუ ეპისტოლარული საქმიანობის რომელ სფეროს განეკუთვნება ბ-ნ თედო ჯაფარიძის წერილი-მიმართვა.

სავარაუდოდ, ღია წერილის დანიშნულებაა წარმოაჩინოს ბ-ნ. ჯაფარიძის მსჯელობის სისწორე და ევროპარლამენტში მოღვაწე სახალხო პარტიის ცდენილ წევრთა, ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დაყენება. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია ისეთი მძლავრი იარაღი,როგორიცაა მოწოდება - არ შეცდეთ !

ვინ, როგორ და რა პირობებში აცდინა ეს პარტია შეიძლება ვივარაუდოთ, ვინაიდან შეცდენის ფაქტი აშკარად სახეზეა,რადგანაც შეცდენილი, საქართველოს მიმართებაში, გამუდმებით თეთრზე შავს, შავზე კი თეთრს იძახის.

შეცდენილი, მისი მდგომარეობით დიდად კმაყოფილი უნდა იყოს, ვინაიდან არანაირი შეძახილისა თუ არგუმენტის საფუძველზე არ იცვლის პოზა-პოზიციას. საკვირველი ისაა, რომ, სავარაუდო შემცდენლები კაცობის არცერთი ნიშანთვისების მატარაბელნი არ არიან, რაც წარმოშობს ბუნებრივ კითხვას - ხომ არ გვაქვს საქმე გაუკუღმართებულ ურთიერთობებთან? ამგვარი ურთიერთობების შეწყვეტის ერთადერთი საშუალება კი, მოგეხსენებათ ერთ- ერთი გარყვნილის პოლიტიკური ქელეხია.

.კლასიკურ წერილებს ძირითადად ორმხრივი ფორმა აქვთ . იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის გადაწყვეტა ორმხრივ დონეზე ვერ, ან არ ხერხდება,ან ადრესატი არ კითხულობს წერილს, გამოიყენება მიმართვის მეორე, ღია წერილის ფორმა. სწორედ ამ ფენომენთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაში, როდესაც წერილის ავტორი მიმართავს ევრო-პარლამენტარებს, მათ შორის, წინამდებარე ანალიზის სათაურთან, ფოტოსურათზე გამოსახულ დეპუტატსაც ევროპის სახალხო პარტიიდან.

საერთოდ, წერილი მისალმებითა და მოკითხვით იწყება. ასე იყო და არის დაწყებული ტუტანხამონიდან. მითუმეტეს, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, ვილფრედ მარტენსს 77 წლის ასაკში თაფლობის თვე აქვს, რადგანაც ამას წინათ მესამეჯერ იქორწინა კათოლიკურ ეკლესიაში და შეიძლებოდა მისი დიპლომატიურად მოკითხვა და შემდეგ საქმეზე გადასვლა. საერთოდ, ცნობილია ტკბილად მოუბარი ენის ამბავი, მაგრამ ეს აქ რა მოსატანია, როდესაც ბ-ნ ჯაფარიძე პირდაპირ გადადის შეტევაზე კონკრეტული მოთხოვნებით.

თავად სტატიის სათაური „საქართველო და გეოპოლიტიკა რისკის ქვეშ“, ბუნდოვანი და გაუმართავია. ამ სათაურის მიხედვით, სტატიაში მსჯელობა უნდა იყოს რისკის ქვეშ მყოფი საქართველოს, ისევე როგორც რისკის ქვეშ მყოფი გეოპოლიტიკის შესახებ, მაშინ როდესაც მასში არავითარ ასეთ რისკებზე საერთოდაც არ არის მსჯელობა. აუცილებლობამ განაპირობა ტერმინ გეოპოლიტიკის კლასიკური განმარტების მოძიება, საიდანაც ვიგებთ რომ: გეოპოლიტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში გეოგრაფიული ფაქტორის როლს და მის გავლენას ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბებაზე. გეოპოლოტიკური მიდგომის სინთეზური შესწავლა გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნის მრავალ ფაქტორთა კომბინირებულ შესწავლას და შეფასებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველო, როგორც სახელმწიფო, და გეოპოლიტიკა, როგორც პროცესი, ერთნაირი რისკის ქვეშ იყვნენ.

შესაძლებელია სტატიის მთლიანი შინაარსიდან გამოტანილ იქნას დასკვნა, რომ რომელიღაც ლობისტები, ან პირდაპირ მოსყიდული ევროპული პარტიის წარმომადგენლები რაიმეზე არასწორად მსჯელობენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რისკის ქვეშაა.

გეოპოლიტიკის რისკის ქვეშ ყოფნა ორნაირად შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული:

1. ევროპელები აპირებენ, ან უკვე გადაწყვეტილი აქვთ საქართველოს ინტერესების სრული იგნორირება.

2. საქართველო აპირებს, ან უკვე გადაწყვეტილი აქვს ზურგი აქციოს ევროპას და დასავლეთს.

ორივე ეს არგუმენტი, განსაკუთრებით - მეორე, იმდენად აბსურდულია, რომ შემდგომ განხილვას არ ექვემდებარება, რადგანაც საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს.  

წერილის პირველი წინადადება ყოველგვარი შესავლისა და მისალმების გარეშე, შემდეგი შინაარსისაა:

ნაცვლად უსაფუძვლო კრიტიკისა, ევროპის სახალხო პარტიისთვის უმჯობესია, გამოაგზავნოს მონიტორინგის მისია.

აბსოლუტურად გაურკვეველია, თუ რა კრიტიკაზეა საუბარი და სად და რატომ უნდა გააგზავნოს ევროპის სახალხო პარტიამ მონიტორინგის მისია.

ალბათ, წერილის დასაწყისში უმჯობესი იქნებოდა იმ კრიტიკის პუნქტობრივად მოყვანა, რის გამოც ეს პარტია საქართველოში დემოკრატიულ ცვლილებებს არ სცნობს. ამასთან, ისიც გაურკვეველი რჩება, თუ რისთვის უნდა გამოაგზავნოს ამ პარტიამ მონიტორინგის მისია და, საერთოდაც, შესწევს თუ არა ამგვარ მისიას დემოკრატიის შეფასების უნარი.

მთლიანობაში, აბსოლუტურად მიუღებელია მსჯელობა, რომელიც წერილ-მიმართვის მეორე აბზაცშია დაფიქსირებული:

მომდევნო თვეში შესრულდება 5 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი იმ უაზრო კონფლიქტის შედეგად, რომელშიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაგვითრია... ჩვენი ახალი ხელისუფლება... თავდაუზოგავად მუშაობს წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსასწორებლად.
ბ-ნ ჯაფარიძის მიერ ამ აბზაცში ჩამოყალიბებული მოსაზრებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რას ნიშნავს წინადადება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უაზრო კონფლიქტის შედეგად დაკავების შესახებ. კონფლიქტის შედეგად რუსეთმა კი არ დაიკავა, არამედ დაიპყრო და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება. თვით ევროპარლამენტს, მისი 2011 წლის 17 ნოემბრის რეზოლუციის „F“ და „g“ პუნქტებით, აღიარებული აქვს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტი.

ამ კონფლიქტს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეწოდოს უაზრო, ვინაიდან მის მომზადებასა და განხორციელებაში სრულიად გააზრებულად ჩართულნი იყვნენ როგორც უმაღლესი თანამდებობის პირები, მსოფლიოს მრავალი ქვეყანიდან, ასევე ნაცხროველი თაღლითები. სწორედაც რომ გააზრებული ბოროტმოქმედების შედეგი გახდა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის ხელყოფა, რაც საგანგებო გამოძიების საგანი უნდა გახდეს საქართველოში ყველა დამნაშავე პირის გამოვლენისა და დასჯის მიზნით.

ამავე აბზაცის მეორე წინადადებაში დაფიქსირებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი ხელისუფლება თავდაუზოგავად მუშაობს წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსასწორებლად, დაკონკრეტებას საჭიროებს, ვინაიდან ეს, წარსულში ჩადენილი არა შეცდომები, არამედ დანაშაულები უშუალოდ ნაცხროველების ნახელავია და ახალ ხელისუფლებას მათთან საერთო არა აქვს რა.

დანაშაულთა შეცდომებად დაკვალიფიცირების უფლება კი ბ-ნ ჯაფარიძისთვის კანონმდებელს მინიჭებული არა აქვს.

მესამე აბზაცში ვკითხულობთ:

უცნაურია, მაგრამ დემოკრატიის გამოცდის ამ მაგალითს სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის... აშშ–სა და ევროპის კონსერვატორები კრიტიკის ქარ–ცეცხლში ატარებენ.

მესამე აბზაცი შინაარსობრივად არავითარ კავშირში არ არის მეორე აბზაცთან, რომლის ბოლოშიც აღნიშნულია მხოლოდ, რომ ახალი მთავრობა წარსული შეცდომების გამოსასწორებლად მუშაობს.

წარსული შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიჩნევა დემოკრატიის გამოცდად. საერთოდ, გაუგებარია, რა შუაშია, რომ ეს მაგალითს წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისათვის. გაურკვეველია თუ რატომ იკისრა ბ-ნმა ჯაფარიძემ ევროპარლამენტარებისთვის იმის ახსნა, თუ რა არაობიექტურად კრიტიკულები არიან აშშ-სა და ევროპის კონსერვატორები.

ნამდვილი კონსერვატორები დასავლეთში, იყვნენ, არიან და იქნებიან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძალა, უდიდესი ტრადიციებით და ერთობლიობაში მათი უარყოფით კონტექსტში მოხსენიება სავარაუდოდ ბ-ნ ჯაფარიძის კომპეტენციაში შემავალ საკითხს არ უნდა წარმოადგენდეს.

მეოთხე აბზაცში დაფიქსირებულია შემდეგი:

ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტში ახლახანს გამართულ მოსმენაზე გუნარ ჰოკმარკმა (შვედი ევროპარლამენტარი) გამოთქვა სინანული „მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირების“ გამო, ხოლო კშიშტოფ ლისეკი (პოლონელი ევროპარლამენტარი) მოთქვამდა სააკაშვილის ადმინისტრაციის დაკარგვის გამო, მიუხედავად ამ უკანასკნელის დამარცხებისა არჩევნებში გასულ წელს, სასჯელაღსრულების სისტემაში წამების ფაქტებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე.

აქ, ბ-ნ ჯაფარიძე მიუტევებელ ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, როდესაც სააკაშვილის დამარცხებას უშუალოდ უკავშირებს სასჯელაღსრულების სისტემაში წამების ფაქტებთან დაკავშირებულ ფონს. აქ ძალზე სახიფათო აბსურდის ტირაჟირებასთან გვაქვს შემხებლობა. ციხეში წამების ფაქტები საერთოდ არ ყოფილა გამომჟღავნებული, როდესაც ქართველმა ხალხმა, დიდი ხნით ადრე გამოუტანა განაჩენი ნაცხროვას, იმ უთვალავი დანაშაულებისთვის რომელიც ამ კრიმინალურმა ბანდამ ჩაიდინა. ციხის წამების ფაქტები, სისტემის დანაშაულთა მხოლოდ ერთი საშინელი ეპიზოდია ამ არაკაცთა საბრალდებო დასკვნაში.

ევროპის სახალხო პარტიისათვის აუცილებელია ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შედეგებთან დაუყოვნებლივ შეგუება - წერია წერილ-მიმართვის მეექვსე აბზაცში.

თუ რატომ მიიჩნევს ბ-ნ ჯაფარიძე, რომ საქართველოში დამოკრატიული გზით მოხდა ხელისუფლების გადაცემა - სრულიად გაუგებარია. საქართველოში არავის, არავისთვის, არაფერი არ გადაუცია. მმართველმა ნაცხროვამ არჩევნები წააგო და ვალდებული იყო დაეტოვებინა ყველა მითვისებული და უზურპირებული პოზიცია. ხალხის ნებით, ეს პოზიციები გამარჯვებულ კოალიციას უნდა დაეკავებინა. თუ როგორ, ვინ და რატომ დაიკავა ეს ადგილები ცალკე განსჯის საგანია.

საერთოდ, გაუგებარია რა შუაშია ამ აბზაცის მეორე წინადადება: ევროპის სახალხო პარტიისათვის აუცილებელია ხელისფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შედეგებთან დაუყოვნებლივ შეგუება. რასაკვირველია, ისტორიულ კონტექსტში მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ უმთავრესი და უპირველესი ვალდებულებაა, დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქეები, რომ არჩევნებში მონაწილეობა შედეგის მომტანია - ცვლილებებს იწვევს. ეს კი ნიშნავს ამჟამინდელი და ყოფილი თანამდებობის პირთა სამართალში მიცემას წარსულში ჩადენილი დანაშაულებისათვის.

აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ თვლის ბ-ნ ჯაფარიძე, რომ ევროპის სახალხო პარტიისათვის აუცილებელია ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შედეგებთან დაუყოვნებელი შეგუება.საზოგადოდ, შეგუება რაიმე უარყოფითთან, მიუღებელთან ხდება .

ასევე გაუგებარია, რატომ უხსნის ბ-ნ ჯაფარიძე ევროპელებს 2013 წ.ივლისში, რომ “ქართული ოცნების“ ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქეთა დარწმუნება იმაში, რომ არჩევნებში მონაწილეობა შედეგის მომტანია - ცვლილებას იწვევს. ან, რატომ ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობაში დარწმუნება, ამჟამინდელ და ყოფილ თანამდებობის პირთა სამართალში მიცემას წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

მეშვდე აბზაცში წერია შემდეგი: რასაკვირველია, სამართლიანობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას დრო დასჭირდება სათანადო სამართლებრივი პროცესის გამო. ასეთ ვითარებაში სავალალოა, რომ ევროპის სახალხო პარტიამ არ მოავლინა მონიტორინგის მისია საქართველოში, ან, თუნდაც, უნგრეთში, სადაც პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანს (ევროპის სახალხო პარტიის წევრი) ბრალს სდებენ სამოქალაქო და მედიის უფლებათა მიწასთან გასწორებაში.

ამ წინადადებიდან ვიგებთ, რომ ბ-ნ ჯაფარიძეს სავალალოდ, ე.ი. დიდ უბედურებად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ევროპის სახალხო პარტიამ არ მოავლინა მონიტორინგის მისია საქართველოში და ეს ფაქტადაა დაფიქსირებული. აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ბ-ნ ჯაფარიძის შეშფოთება იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიავლინა ამ პარტიამ მონიტორინგის მისია უნგრეთში, როდესაც არც მას და არც სხვას არავის, უნგრელების გარდა ეს საკითხი არ ეხებათ. ეს წინადადება უნგრეთის საშინაო საქმეში ჩარევის ტოლფას, მიუღებელ ქმედებად უნდა იქნეს მიჩნეული.
მერვე აბზაცში დაფიქსირებულია:

საქართველო იმედებს ამყარებს მონიტორინგზე, განსაკუთრებით, ევროპარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხრიდან, რათა დაადგინოს და აღმოფხვრას ინსტიტუციური ხარვეზები. თუმცა, შეთავაზებული მონიტორინგი კონცენტრირებული უნდა იყოს სამართლებრივი პროცესის ხარისხზე, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის წევრები გამუდმებით და სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოიხსენებენ, როგორც პოლიტიზირებულს. 

წინა, მეექვსე აბზაცში, ბ-ნ ჯაფარიძეს დაფიქსირებული აქვს, რომ ევროპის სახალხო პარტიამ საუბედუროდ არ მოავლინა მონიტორინგის მისია საქართველოში. მერვე აბზაცში კი, იგი კვლავაც იმედს ამყარებს ამგვარ მონიტორინგზე.

ამ მონიტორინგის შედეგად ბ-ნ ჯაფარიძე თვლის, რომ უნდა დადგინდეს და აღმოიფხვრას საქართველოში არსებული ინსტიტუციონალური ხარვეზები, თუმცა შეთავაზებული მონიტორინგი არ უნდა შეეხოს სამართლებრივი პროცესის ხარიხს (?!). აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს სამართლებრივი პროცესის ხარისხი, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის წევრები პოლიტიზირებულად მიიჩნევენ. ხარისხის პოლიტიზირება არავითარ ლოგიკურ და სამართლებრივ ნორმებში არ ჯდება. და, საერთოდ, თუკი ეს პარტია მონიტორინგისთვის ჩვენთან არ მოდის, რატომღა ვიწვეევთ მას, რადგანაც იმთავითვე ვიცით, რომ იგი მიკერძოებული იქნება?! ამასთან, თუკი ბ-ნ ჯაფარიძე აღიარებს საქართველოში არსებულ ინსტიტუციონალურ ხარვეზებს, ალბათ ჯობდა, პირველ რიგში, ამის შესახებ ქართველთათვის ეცნობებია.

ყოველგვარი კავშირის გარეშე წინა აბზაცთან, ბ-ნ ჯაფარიძე შემდეგ აბზაცში წერს, რომ: ლისეკი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფრთხეში არ ჩააგდოს ქვეყნის დემოკრატიული ტრანზიცია.

სიტყვა ტრანზიცია/ transition/ ინგლისური წარმოშობისაა და ქართულად გარდამავალ, ერთი მდგომარებიდან მეორეში გადასვლის პერიოდს ნიშნავს. ქართულში სიტყვა ტრანზიცია არ არსებობს. გაურკვეველია, თუ რა შუაშია ამ ტრანზიციის საფრთხეში ჩაგდება და რატომ სვამს ბ-ნ ჯაფარიძე კითხვას - კონკრეტულად რაში გამოიხატება ამ ტრანზიციის საფრთხეში ჩაგდება? ისევე, როგორც გაურკვეველია შემდეგი წინადადება-კითხვა: ნუთუ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას შესწიროს საქართველოს მოქალაქეები მასობრივ ამნეზიას დემოკრატიის სახელით? მოქალაქეების შეწირვა ამნეზიისათვის ახალი სიტყვაა მსხვერპლთშეწირვის თეორიასა და პრაქტიკაში.

შემდეგ ბ-ნ ჯაფარიძე წერს: „ჩვენ არ ვართ არც ანგარიშგების და არც მიჩქმალვის მატარებელი ძალა. გაურკვეველია, თუ რას ნიშნავს ანგარიშგების და მიჩქმალვის მატარებელი ძალა. ანგარიშგება უფრო ბუღალტერიაში არსებობს, შესაძლოა ბ-ნ ჯაფარიძეს უნდოდა ეხმარა სიტყვა - შურისმაძიებელი ან შურისმგებელი ძალა.

მეათე აბზაცში ბ-ნ ჯაფარიძე ევროპარლამენტარებს მოუთხრობს, რომ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიების პროცესზე (გაურკვეველი სამართლებრივი საფუძვლით. ბ.კ.), ზედამხედველობას უზრუნველყოფს ბატონი ჰამერბერგი, რასაც ქართული მხარე მიესალმება და უცებ ყოველგვარი კავშირის გარეშე სვამს უადგილო და უაზრო კითხვას: შეძლებდა თუ არა ორბანის მთავრობა ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობით უნგრეთში მსგავსი მონიტორინგისათვის თვალის გასწორებას მეტ–ნაკლებად მსგავსი თავდაჯერებით?

როგორც ჩანს, წერილის ავტორს უნგრელებმა რაღაც ისეთი აწყენინეს, რაც დღემდე ვერ უპატიებია. წესით, საქართველოს არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება ჩაერიოს უნგრეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში და იმის შეფასებაში, თუ ვის გაუსწორებს ან არ გაუსწორებს თვალს უნგრეთის პრეზიდენტი.

მეათე აბზაცში ბ-ნ ჯაფარიძე აყალიბებს მიუღებელ, შეურაცხმყოფელ აზრს, როდესაც წერს, რომ ევროპარლამენტარები სახალხო პარტიიდან აბუჩად იგდებენ საქართველოს ხელისუფლებას. ამის დაფიქსირება წარმოუდგენელი აბსურდია. ასეთი რამის თქმას უკანასკნელი უთავმოყვარეოც არ აკადრებინებს არავის. ამ, და ზოგადად ყველა სხვა შემთხვევაში, გაკადრებენ იმას, რასაც აკადრებინებ.

წერილის ბოლოს, მისი ავტორი არშეცდენისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარებს და არწმუნებს მათ, რომ საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის ერთგულია. ტრაექტორიის ერთგულება რაღაც სიახლეს წარმოდგენს საერთაშორისო ურთიერთობებში.

ყოველივე ზემოხსენებულის შესახებ შესაძლებელი იყო ბ-ნ ჯაფარიძისთვის წერილის მიწერა, მაგრამ არსებობს 99-პროცენტიანი გარანტია, რომ იგი მას არ წაიკითხავდა. თუ წაიკითხავდა, როგორც ჩვევია, ალბათ უსასრულობისკენ გაიხედავდა, მოგვიკითხავდა ახლობლებს, მოგვიწოდებდა, რომ ნუ ვცდებით, და თემაც ამოწურულად ჩაითვლებოდა.
წერილი, გარდა ბ-ნ მიტოსი, უპირატესად მიმართულია For.ge-ს მკითხველთა იმ ნაწილისა და ბლოგერებისადმი, რომლებისთვისაც საქართველოს ინტერესები და ბედი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე არგენტინის „ჭ” დივიზიონის ფეხბურთის გუნდების შეხვედრის ანგარიშები, ტოტალიზატორში დადებული ლარიანის გამო, ან ნაძირალათა თავგადასავლები და ბოდვა, რომელმაც კარგა ხანია წალეკა ქართული საინფორმაციო სივრცე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ორ ათეულ წელზე მეტია ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ვისმენთ ხელისუფალთა,ძირითადად უაზრო ბოდვას და ვერადა ვერ ვისწავლეთ ამ უსგავსოებაზე ობიექტური, შედეგის მქონე რეაგირება.

მხოლოდ For.ge-ს კოლექტივის მიერ წარმოებული უთანასწორო და თავდაუზოგავი ბრძოლა ამ მიმართებით, როგორც ჩანს, საკმარისი არაა, ვინაიდან როგორც ყოველდღიურობა მოწმობს, მასკარადი ჯერაც გრძელდება!

P.S. ილუსტრაციაზე წარმოდგენილია ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტრაიან ბასესკუს ქალიშვილი, ყოფილი ტოპ-მოდელი, ელენა ბასესკუ. ამან უნდა ჩაგვიტაროს მონიტორინგი.