ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს. ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ, ქვეყნის ემერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტების: საავადმყოფოების, პურის ქარხნების და სკოლების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონის ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.
კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები დეკემბერში ჩავიდა უკრაიანში, ამ კვირაში მეორე პარტიის მიწოდება გახდა შესაძლებელი. ჯამში, უკრაიანას მიეწოდა 290 კვ.ა. სიმძლავრის ინდუსტრიული გენერატორი, 6,5კვ.ა. სიმძლავრის 41 ცალი, 110 კვ.ა. 4 ცალი და 55 კვ.ა. სიმძლავრის გენერატორი.
მიმდინარე ომის გათვალისიწნებით, მკაცრი ზამთრის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა. ამ მიზნით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს საზოგადოება და ქართული ბიზნესი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ.