ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მაიკლ დუგლასი, რომელიც უკურნებელი სენით – სიმსივნით არის დაავადებული, ქიმიოთერაპიის მძიმე კურსის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.
პალმ-სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე მეუღლე კეტრინ-ზეტა ჯონსთან ერთად წარდგა. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის გამო წონაში მკვეთრად დაიკლო, მსახიობი მხნედ გამოიყურებოდა.
როგორც დუგლასი ამბობს, დიდი მცდელობის შემდეგ, ავადმყოფობა დაამარცხა და ახალ პროექტზე მუშაობასაც შეუდგა, რაც კეტრინს ძალიან ახარებს. ფესტივალზე მსახიობს ჯილდო გადაეცა. დარბაზი დუგლასს ფეხზე წამოუდგა და ოვაცია გაუმართა. როგორც კეტრინ-ზეტა ჯონსმა ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალს განუცხადა, მათთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია. სწორედ ეს სითბო და მხარდაჭერა აძლევს დუგლასს ძალას, ავადმყოფობას შეებრძოლოს და ცხოვრება განაგრძოს.
გასულ კვირას წყვილმა მანჰეტენზე საყვარელ რესტორანში გამოჯანმრთელება აღნიშნა და დუგლასმა პირველად ნახევარი წლის მანძილზე ერთი ჭიქა წითელი ღვინოც შესვა.