საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებული 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებული 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

 

 

საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებული ხუთი ადამიანიდან სამი ამ დრომდე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობს.

კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, კვლავ მძიმეა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. პაციენტი სტაბილურად მძიმეა.

„პაციენტი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა მიყენებული ჭრილობებიდან გამომდინარე, მისი ზოგადი მდგომარეობით, გართულების რისკები ძალიან მაღალია. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე რჩება, განაგრძობს მკურნალობას და რეანიმაციულ განყოფილებაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი გარდაიცვალა.

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.