შესაძლოა, ბერლინი დიდი სკანდალის წინაშე აღმოჩნდეს. გერმანიაში ლგბტ ბაღის გახსნის იდეას მოსახლეობაში ნეგატიური განწყობა მოჰყვა.
გეი თერაპიის ცენტრთან ასეთი საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით მოქალაქეები, პოლიტიკოსები, პედაგოგები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს დაუშვებელია და მას არაფერი საერთო არ აქვს ადამიანის თავისუფალ არჩევანთან.
დეპუტატი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი LGBTQ საბავშვო ბაღის გახსნის ინიციატივას LGBTQ პროპაგანდის პირდაპირი გამოვლინებად მიიჩნევს. მისივე თქმით, ბუნებრივ პროცესებში ხელოვნური ჩარევა არეულობასა და დაპირისპირებას ქმნის.
„ასეთი ტიპის ადამიანები არსებობდნენ და იარსებებენ. არავის ჰქონდა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, შესაძლოა, ასეთი ტიპის ადამიანები საერთოდ არ ყოფილიყვნენ, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ დემონსტრირება და პროპაგანდა არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, მათი უფლებები დაცული უნდა იყოს, არავინ საუბრობს იმაზე, რომ მათი უფლებები შეილახოს ნებისმიერი მიმართულებით და ეს ყოველთვის ასეც იყო. ფიზიკური შეურაცხყოფები და დანაშაულები ჩვეულებრივ, ტრადიციულ ადამიანებშიც ხდება და ამისთვის არსებობს სახელმწიფო უწყებები.
ჩვენ თუ დავაკვირდებით, ის ორგანიზაციები უფრო აქტიურობენ, ვინც ვითომ, მათ უფლებებს იცავს, ვიდრე თავად არატრადიციული მიმდინარეობის მიმდევრები.
ასეთი პროპაგანდა, რაც ბოლო ათწლეულში ხდება, მსოფლიოში არ ყოფილა. პროპაგანდა იმ დონეზეა, თითქოს, რაღაც ერთგვარი გამოცდაა ჩასაბარებელი ე.წ. ლგბტ საკითხებში - ეს უფლებები თავიდან ბოლომდე უნდა იქნას აღიარებული, დაცული და ასე შემდეგ, სხვაგვარად შენ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი არ იქნები, ეს ასე არ არის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.