საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში სტაბილურად მშვიდობა დამკვიდრდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების საკითხში ქართული მხარის როლზე საუბრისას.
„არავისთვის არ შეიძლება იყოს სასარგებლო ამ რეგიონში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში საომარი მოქმედებები. შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობა იყოს და ამისთვის მზად არის, რომ კონკრეტული მოვალეობები იკისროს, კონკრეტული ფუნქცია შეასრულოს საიმისოდ, რომ ჩვენი მცდელობები იყოს შედეგიანი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ „აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნამდვილად არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი“. მისი თქმით, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, რეგიონი გარდაქმნან რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად.