ენმ-ის კასპის ორგანიზაციის წევრების ნაწილი პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მომხრე არ არის

ენმ-ის კასპის ორგანიზაციის წევრების ნაწილი პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მომხრე არ არის

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება. ურთიერთბრალდებების ფონზე ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორგანიზაციის წევრები არჩევნების ჩატარების მომხრე არ არიან.

კასპში ერთსულოვნება არაა არც ნიკა მელიას კანდიდატურის ირგვლივ. კასპის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის ნაწილი მხარდაჭერას ლევან ხაბეიშვილს უცხადებს.

„მინდა მივმართო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, რომ არ გაიტეხოთ გული და არ დაიბნეთ ამ არასასურველ დროს ჩანიშნული არჩევნების მიმდინარეობით. ჩვენს პარტიას ბევრჯერ ჰქონია ეს პერიოდი, როდესაც ჰყოლია ამბოხებულებიც და ჰქონიათ მცდელობები „ნაციონალური მოძრაობა გახლეჩლიყო. ამის მაგალითია უახლოესი ისტორია 2016 წელს, როდესაც იგივე ადამიანს უნდოდა ჩვენი პარტიის დაშლა. 2016 წელს გააკეთეს ეს, წაიღეს ნახევარი პარტია, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაინც დადგა ფეხზე“,- განაცხადა პარტიის კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე შაქარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.