საგარეჯოში მომხდარი თავსხმის შედეგად დაშავებულებს, „ჯეოჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ. ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
„ორი პაციენტის მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმეა, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა, შედარებით უკეთ არის. პატარა წინსვლები გვაქვს. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქირურგმა მამუკა ოტიაშვილმა „ქრონიკასთან“.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, სულ 5 კი - დაშავდა. 2 პაციენტი ბინაზე უკვე გაწერეს.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.