16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთო. გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა თურქ კოლეგებს და ეჭვიტანილის დასაკავებლად დახმარება სხოვა.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას განმარტებით, თურქეთის სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები გაფრთხილებულნი არიან და ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
გოგონას დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა პოლიციას 22 ივლისს 23:00 საათზე მიმართეს. გვამი კი აღმოჩენილ იქნა ღამის 01:00 საათზე. წინასწარი გამოძიებით, იმ დროისთვის ირანის მოქალაქეს სარფის საბაჟო პუნქტი უკვე დატოვებული ჰქონდა.
ვალერიან თელიას განცხადებით გამოძიება მიმდინარეობს და მკვლელობის მოტივი დადგინდება. მისივე ინფორმაციით, ირანის მოქალაქე ერთი თვის განმავლობაში ახალი ბულვარის ბოლოს ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. ცხედარი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ოჯახის წევრებმა, პოლიციასთან ერთად იპოვა. გვამი ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში იყო ჩამალული. ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. გოგონა მკვლელობამდე გაძარცვეს, წაღებულია ველოსიპედი ჩანთა და მობილური ტელეფონი.
„ეს ადამიანი ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. მოწმეები ადასტურებენ, რომ ის მარიამ კოჩალიძის ველოსიპედით გადაადგილდებოდა ბულვარის ტერიტორიაზე, მკვლელობის საღამოს. აღმოჩენილია ველოსიპედი ბათუმში, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ წარმოუდგინა პოლიციას. მობილური ტელეფონი არ არის ნაპოვნი“, - აღნიშნა ვალერი თელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს საზღვარს 16 წლის მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი. ვიდეოში ჩანს, რომ ყავისფერი ზურგჩანთითა და შავი ხელჩანთით აღჭურვილი ახალგაზრდა მამაკაცი საბაჟოს თანამშრომლებს შემოწმების შემდეგ, საბუთებს ართმევს და ტერიტორიას ტოვებს.
გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ ირანის მოქალაქემ მოჰამადამინ რუინთანიანმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ 22 ივლისს, საღამოს 19.00–დან 19.30 საათზე ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დამტვრეული ქართულით საუბრობდა და ხშირად მუნჯის იმიტაციას აკეთებდა.
16 წლის მარიამ კოჩალაძის ცხედარი ბათუმის ბულვარში იპოვეს. თვითმვხილველების თქმით, გოგონა სასტიკადაა ნაწამები და ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ბათუმის ახალ ბულვარში ტალღის მჭრელი „პირსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არაქართული გარეგნობის 28 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობდა, არსებობს მოწმე გოჩა მსხალაძე რომელმაც დაინახა როგორ გადაადგილდებოდა ირანის მოქალაქე მოკლული ახალგაზრდას ველოსიპედით.
აღსანიშნავია, რომ მარიამ კოჩალიძეზე თავდასხმისა და მისი მკვლელობის ფაქტი ვიდეო დაკვირვების კამერებს არ დაუფიქსირებია. ვალერიან თელიას განცხადებით ახალ ბულვარში, იქ სადაც მკვლელობა მოხდა ელექტროკომუნიკაციები, მათ შორის ვიდეო დაკვირვების კამერები ჯერჯერობით დამონტაჟებული არ არის.
მარიამ კოჩალაძის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომლის განცხადებით ბოლო ხანს ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები.
„შეძრწუნებული ვარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. საღამოს ველოსიპედით გასული და შინ არ დაბრუნებული ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ალბათ, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი. მე, როგორც მამას არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება.
ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ გამოსაძიებელია, მაგრამ მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრა - ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები.
ეს, რა თქმა უნდა, აუარესებს უსაფრთხოების საერთო სიტუაციას. ამას ისიც მალაპარაკებს, რომ ამას წინათ თბილისში, საბურთალოზე, ჩემს გვერდზე სადარბაზოში მცხოვრები უწესიერესი 21 წლის ახალგაზრდა ვიღაც ნაძირალამ გამოასალმა სიცოცხლეს. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა ჩვენს შვილებს საფრთხე მომავალში მაინც აღარ დაემუქროს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
განსხვავებულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში კრიმინალის შემთხვევები არ გაზრდილა. შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკა ეჭვქვეშ არ აყენებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, მით უმეტეს მას, ვისგანაც კრიტიკა ისმის, ჰქონდეს მორალური უფლება, რომ ეს სტატისტიკა ეჭქვეშ დააყენოს. ის რაც ბათუმში მოხდა, ამაზრზენი ფაქტია და, პირველ რიგში, დაღუპული გოგონას ოჯახს ვუსამძიმრებ. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არა მხოლოდ ეს დაკარგული სიცოცხლე, არამედ წინა წლებში, ყველა მთავრობის დროს დაკარგული თითოეული სიცოცხლე დიდი ტკივილია ჩვენთვის. დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.