ეკა სეფაშვილი „ნაცმოძრაობაში“ დაგეგმილ არჩევნებზე: რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, არჩევნების დასრულების შემდეგ, ამ პარტიას ნაკლები მომხრე დარჩება

ეკა სეფაშვილი „ნაცმოძრაობაში“ დაგეგმილ არჩევნებზე: რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, არჩევნების დასრულების შემდეგ, ამ პარტიას ნაკლები მომხრე დარჩება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამჟამად მიმდინარე პროცესების შედეგად, ეს პარტია დასუსტდება, რაც ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის შესუსტებას გამოიწვევს და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის სარბიელს გამოათავისუფლებს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს იმავე მეთოდებით ებრძვიან, რომლებსაც, წლების განმავლობაში, მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდნენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამჟამად მიმდინარე პროცესები აშკარას ხდის იმ მეთოდებს, რომლებითაც ისინი ყოველთვის ხელმძღვანელობდნენ და საზოგადოებისა და მთელი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებდნენ. ახლა ამ მეთოდებს ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ. დღეს არსებული ვითარების შედეგად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდება და ეს ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის შესუსტებას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია - გამოთავისუფლდება სარბიელი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ისინი შეძლებენ გამოთავისუფლებული ნიშის დაკავებას, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა - რადიკალიზმის ხარჯზე. იმის მიუხედავად, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს, მათი პარტია მაინც დასუსტდება, რადგან ეს ააშკარავებს მათ რეალურ სახეს და მომხრეებს აკარგვინებს. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების დასრულების შემდეგ, მათ ნაკლები მომხრე დარჩებათ. ის, თუ რამდენად შეეცდება წაგებული მხარე მოგებულთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მელიასა თუ ხაბეიშვილის პირად გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. თავმჯდომარის თანამდებობა ერთია, მსურველი კი ოთხი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.