ზუგდიდის საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას უჭერს მხარს

ზუგდიდის საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას უჭერს მხარს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას უჭერენ მხარს. ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, სხვა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ, თუ კანონმდებლობით რამე არ შეიცვალა.

„ჩვენ, ჩვენი ფრაქცია, ასევე ჩვენი გუნდი მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში ის არის ყველაზე ღირსეული და გამორჩეული კანდიდატი“, - აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ბასილაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.