ჩვენს საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობისას ყველაფერი იდეალურადაა მანამ, სანამ მტკივნეულ რეალობას არ გავუსწორებთ ხოლმე თვალს: ძაღლები ჩვენზე ნაკლებ ხანს ცოცხლობენ.
ამის გათვალისწინებით, კომპანია Loyal-მა გადაწყვიტა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიძლება დაბერების საწინააღმდეგო აბების მეშვეობით მათთვის სიცოცხლის გახანგრძლივება. თუკი მათი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდება, შესაძლოა, მოპოვებული ინფორმაცია ადამიანებისთვისაც დაგვეხმაროს თერაპიული მიდგომების განვითარებაში. მანამდე გასათვალისწინებელია, რომ მკვლევართა შრომა ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და არც დადებითი კლინიკური შედეგები გვიხილავს.
Loyal ამ ეტაპზე კვლევებს ატარებს და შედარებით ასაკოვან ცხოველებსა თუ სხვადასხვა ჯიშზე დაბერების გავლენას შეისწავლის. LOY-001 პროდუქტზე მუშაობს, რომელსაც შედარებით დიდ ძაღლებს (ისინი, როგორც წესი, პატარა ჯიშებზე ცოტახანს ცოცხლობენ) 3-6 თვეში ერთხელ მისცემენ. მეორე მხრივ, LOY-002-ის მიზანია, ყოველდღიური აბების მეშვეობით ასაკოვან ძაღლებს ჯანმრთელ დაბერებაში დაეხმაროს. ორივე პროდუქტი ჯერჯერობით საპილოტე კვლევის, ანუ წინასწარი ტესტირების, ფაზაშია. ერთი, სავარაუდოდ, 2026 წელს გაეშვება ოფიციალურად, მეორე კი — 2024-ში.
კომპანიაში იმის დადგენასაც ცდილობენ, თუ რა გავლენა აქვს ძაღლების დაბერებაზე ეპიგენეტიკას — სწავლებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ქცევასა და გარემოს, ჩვენივე გენების ფუნქციონირება შეცვალოს. ეპიგენეტიკური ცვლილებები დნმ-ის ნაწილი არ არის — ისინი შექცევადი ცვლილებებია, რომლებსაც დნმ-ის ექსპრესიაზე აქვს გავლენა, შედეგად კი ჩვენი ფიზიკური მახასიათებლები გენებით ნაკარნახევისაგან განსხვავდება.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის Loyal-ის შრომა ძაღლების ეპიგენეტიკასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი კვლევაა.
შესაძლოა, იმის გარკვევა, თუ რატომ ცოცხლობენ სხვადასხვა ზომის ჯიშები სხვადასხვა ხანგრძლივობით, დაბერების საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომების შექმნასა და მათთვის ცხოვრების გახანგრძლივებაში დაგვეხმაროს.
"დნმ-ის მეთილაცია მრავალი სახის ეპიგენეტიკური ცვლილებებიდან ერთ-ერთია, რომელიც აკონტროლებს, დნმ-ის რომელი ნაწილებია აქტიური უჯრედში", — წერს Loyal-ის წარმომადგენელი ზეინ კოხი — "ახლახან მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დროის გასვლასთან ერთად უჯრედებში დნმ-ის მეთილაციის კანონზომიერებები იცვლება [...] ეს ცვლილებები დაბერებასთან მჭიდრო კავშირშია, თანაც იმდენად, რომ გამოთვლით მოდელებს, ე.წ. "ეპიგენეტიკურ საათებს", მხოლოდ დნმ-ის მეთილაციაზე დაყრდნობით შეუძლია ორგანიზმის ასაკი ზუსტად განსაზღვროს".
მათი ხედვით, თუკი გაირკვევა, როგორ მივყავართ ამ მოლეკულურ ცვლილებებს დაბერებამდე, ძაღლის ჯანმრთელობის შესაფასებლად უკეთესი სტანდარტები დამკვიდრდება, სიბერეში მათზე ზრუნვას უკეთ შევძლებთ და თავად დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტების შემოწმებასაც უფრო დავაჩქარებთ.
"ჯანმრთელობის, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებისა და მედიკამენტების შექმნის ხელშეწყობის მიზნით Loyal-ში დახვეწილ ინსტრუმენტებს ვქმნით, რომლებიც ძაღლების ეპიგენეტიკურ მონაცემთა ჩვენს უნიკალურ ნაკრებს იყენებს ", — აცხადებს კოხი — "შესაძლოა, მიღებული ინფორმაციით მალე თქვენ და თქვენმა ძაღლმაც მიიღოთ სარგებელი".
ამ ტიპის დაბერების შესწავლა ძაღლებზე უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენზე, ვინაიდან ისინი ნაკლებ ხანს ცოცხლობენ. სწორედ ამიტომ იყენებენ კვლევებში Caenorhabditis elegans ნემატოდებს ასე ხშირად — მათ მთლიან სასიცოცხლო ციკლზე დაკვირვებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება. შესაბამისად, სანდო და განმეორებად შედეგებს ასე გაცილებით მალე ვიხილავთ, ვიდრე ადამიანზე დაკვირვებისას.
Loyal-ის მხრიდან დაბერების საწინააღმდეგო აბების შექმნა მხოლოდ ოთხფეხა მეგობრებისათვის სიცოცხლის გახანგრძლივებაში როდი დაგვეხმარება: შესაძლოა, კვლევის ფარგლებში დაბერებაზე მიღებულმა ინფორმაციამ ადამიანთა თერაპიული საშუალებების შექმნასაც შეუწყოს ხელი.
სამომავლო აბებზე დაზუსტებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, კომპანიის მკვლევართა შრომის შედეგებს მივადევნოთ თვალი.