ჰოლივუდში ვარსკვლავის სტატუსს მსახიობებისთვის უამრავ პრივილეგიასთან ერთად გარკვეული ზეწოლა და მოლოდინებიც მოაქვს; მაგალითად, მათ სხეულსა და ფორმებთან დაკავშირებით. ამ არაჯანსაღ მიდგომებზე რობერტ პატინსონიც ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ "ფორმის შესანარჩუნებლად და სხეულის დეტოქსისთვის" 2 კვირა მხოლოდ მოხარშულ კარტოფილს ჭამდა.
"ძალიან მარტივად შეიძლება, არაჯანსაღ ჩვევად გექცეს წონის კონტროლი, თუნდაც მხოლოდ კალორიებს ითვლიდე. და ვერც ხვდები, რა საზიანოა ეს ყველაფერი, სანამ უკვე ძალიან გვიან არაა. თითქმის ყველა ტრენდული დიეტა მაქვს გამოცდილი, მუდმივობის გარდა. ერთხელ ორი კვირა მხოლოდ მოხარშულ კარტოფილს ვჭამდი, რადგან დეტოქსიკაცია მჭირდებოდა. მხოლოდ მოხარშული კარტოფილი და ჰიმალაის ვარდისფერი მარილი. როგორც ამბობენ, ეს სხეულს წმენდს და წონაც გაკლდება."
მსახიობის თქმით, კეტოს დიეტაც უცდია, თუმცა მალევე დაანება თავი, რადგან ლუდის დალევა არ შეიძლებოდა. ცნობილია, რომ რობერტ პატინსონს ინტერვიუებში გართობის მიზნით მოტყუება ხშირად სჩვევია, მაგალითად, ბეტმენის ფილმზე მუშაობისას განაცხადა, რომ საერთოდ არ ვარჯიშობდა, რაც აღმოჩნდა, რომ სიმართლე არ იყო, რის გამოც საკუთარი ტრენერისგანაც კი მიიღო საყვედური.