ტაილანდელმა მსახიობმა და მოდელმა ანა სიუანგამ-იამმა ცოტა ხნის წინ თავისი ქვეყანა ცნობილ სილამაზის კონკურსზე, მის სამყაროზე, წარადგინა. საღამოს კაბების ჩვენებაზე მოდელმა ორიგინალური კოსტიუმი მოირგო, რითაც აუდიტორია დარბაზშიც და დარბაზს მიღმაც გააოცა.
სიუანგამ-იამის კაბა გაზიანი სასმელების ქილების გასახსნელებითა და სვაროვსკის თვლებით იყო გაფორმებული. ცხადია, ამ კაბის ჩვენებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ადამიანები მისი მნიშვნელობითაც დაინტერესდნენ. შეკითხვებს პასუხი თავად ანამ გასცა, როცა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.
"ამ კაბის შთაგონების წყარო ჩემი ბავშვობისდროინდელი გარემო გახლდათ", — წერს მოდელი, — "მე ნარჩენების შემგროვებელ მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი, ჩემი ცხოვრება კი სწორედ ნარჩენებითა და გადამუშავებადი ნივთებით იყო გარშემორტყმული.
"ეს ორიგინალური კაბა განზრახ მოიქარგა გადაყრილი და გადამუშავებული მასალით — უფრო ზუსტად კი ალუმინის ქილების გასახსნელებით — რათა სამყაროსთვის მეჩვენებინა, რომ იმას, რასაც ბევრი უსარგებლოდ მიიჩნევს, თავისი მნიშვნელობა და სილამაზე გააჩნია. მადლობა, რომ ეს დაინახეთ და გაიგეთ. იმედია, საკუთარი თავის მნიშვნელობაზე ჩემი სათქმელიც მიიღეთ".
ანას პოსტს ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება და 200 ათასზე მეტი მოწონება ხვდა წილად.
მოგვიანებით, კაბის მნიშვნელობა მის ტაილანდის ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზეც აიხსნა.
"ანას ზოგი 'სანაგვის სილამაზის დედოფლად' მოიხსენებდა, თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ძვირფასი ქვის მსგავსად ეკაშკაშა", — წერია გვერდზე.
24 წლის სიუანგამ-იამი ბანგკოკის ღარიბულ უბანში დაიბადა და გაიზარდა. მოგვიანებით, სიღარიბისგან დასაცავად, ოჯახმა იგი ბუდისტურ ტაძარში გაგზავნა, სადაც ანა მონაზვნებთან ერთად იზრდებოდა, მისი ძირითადი საჭმელი კი ბერების სადილის ნარჩენები იყო. იმისათვის, რომ განათლება მიეღო და სწავლის საფასური დაეფარა, მომავალი მოდელი ნარჩენებს აგროვებდა და სისხლს აბარებდა ხოლმე.
დღეს უკვე წარმატებული მოდელი და მსახიობი იმედოვნებს, რომ თავისი სტატუსი დაეხმარება, სოციალურად დაუცველი ბავშვების ხმა სხვებს გააგონოს. ამისთვის ანა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთანაც თანამშრომლობს.