ჟერარდ პიკე შაკირას ახალ სიმღერას გამოეხმაურა, რომელშიც ყოფილმა ცოლმა ის მასხრად აიგო. პიკეს თქმით, შაკირას სიმღერის ვირუსულად გავრცელების შემდეგ ელექტრონიკისა და მათ შორის, საათების მწარმოებელმა კომპანია Casio-მ პარტნიორობა შესთავაზა.
"22 წლის ასაკის ორი ტიპის ფასი მაქვს, შენ კი ფერარი [რენო] ტვინგოზე გაცვალე, ხოლო როლექსი — Casio-ზე", — ვკითხულობთ შაკირას ახალი სიმღერის ტექსტში. ეს კი იმას უკავშირდება, რომ შაკირასთან დაშორების შემდეგ პიკემ ურთიერთობა 23 წლის კლარა ჩიასთან დაიწყო.
გასულ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პიკემ განაცხადა, რომ Casio ესპანეთის საფეხბურთო თასის სპონსორი იქნება და იმ ჩემპიონატს დააფინანსებს, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელები ხელმძღვანელობენ. პიკემ აღნიშნა, რომ Casio-მ ფეხბურთელები მაჯის საათებით უკვე დაასაჩუქრა და ახალი საათით თავი საჯაროდ მოიწონა.
შეგახსენებთ, რომ ახალმა სიმღერამ, რომელშიც კოლუმბიელი მომღერალი შაკირა თავის ყოფილ პარტნიორს, ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს, დასცინის, იუთუბზე რეკორდი მოხსნა — ვიდეომ პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამით ის იუთუბის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ახალი ლათინოამერიკული სიმღერა გახდა. Spotify-ზე კი გამოსვლიდან 24 საათში შაკირას ახალი სიმღერა 14,4 მილიონმა ადამიანმა მოისმინა.
ახალი სიმღერის წარმატებას შაკირა უკვე გამოეხმაურა. "მინდა, ის ქალები გულში ჩავიკრა, რომლებიც წინ აღუდგნენ მათ, ვინც თავი უმნიშვნელოდ აგრძნობინა. ეს ის ქალებია, რომლებიც საკუთარ აზრს ბოლომდე იცავენ და როცა რაღაცას არ დაეთანხმებიან, ხელს აწევენ, როცა სხვები მხოლოდ წარბებს აწევენ. სწორედ ასეთი ქალებია ჩემი შთაგონება. ეს მიღწევა კი მხოლოდ ჩემი არ არის, არამედ ყველასია", — ამბობს შაკირა თავისი ინსტაგრამის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ შაკირა და პიკე ერთმანეთს 13 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. წყვილს ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ.