შაკირა თავისი ახალი სიმღერის წარმატებას გამოეხმაურა, რომელშიც ჟერარდ პიკეს მასხრად იგდებს. სიმღერამ იუთუბის რეკორდი მოხსნა — ვიდეომ პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამით ის იუთუბის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ახალი ლათინოამერიკული სიმღერა გახდა. Spotify-ზე კი გამოსვლიდან 24 საათში შაკირას ახალი სიმღერა 14,4 მილიონმა ადამიანმა მოისმინა.
შაკირა და პიკე 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ გასულ წელს დაშორდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ 35 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ურთიერთობა დაიწყო 23 წლის კლარა ჩიასთან. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება შაკირა თავის სიმღერაში. "22 წლის ასაკის ორი ტიპის ფასი მაქვს", — მღერის 45 წლის შაკირა, — "შენ კი ფერარი [რენო] ტვინგოზე გაცვალე, ხოლო როლექსი — Casio-ზე".
სიმღერაში ასევე ჟღერს ტექსტი, სადაც შაკირა ამბობს, რომ "მისნაირი ქალი ახალბედების შესაფერისი არაა", თავად კი ყოფილის "ტოლი არ იყო", რის გამოც პიკე ახლა თავისნაირთან ერთადაა. ტექსტში მომღერალი მას აგრეთვე მოუწოდებს, ცოტაოდენი დრო ტვინის ვარჯიშსაც დაუთმეო.
"მინდა, ის ქალები გულში ჩავიკრა, რომლებიც წინ აღუდგნენ მათ, ვინც თავი უმნიშვნელოდ აგრძნობინა. ეს ის ქალებია, რომლებიც საკუთარ აზრს ბოლომდე იცავენ და როცა რაღაცას არ დაეთანხმებიან, ხელს აწევენ, როცა სხვები მხოლოდ წარბებს აწევენ. სწორედ ასეთი ქალებია ჩემი შთაგონება. ეს მიღწევა კი მხოლოდ ჩემი არ არის, არამედ ყველასია", — ამბობს შაკირა ახალი სიმღერის შესახებ თავისი ინსტაგრამის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ შაკირა და პიკე ერთმანეთს 13 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. წყვილს ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ.