ბრიტანული მას-მედიის ინფორმაციით, გამოჩენილი მუსიკოსის, “The Beatles”-ის წევრის ჯორჯ ჰარისონის და ლუიზა მიმდინარე წლის დასასრულს მოგონებების კრებულს გამოსცემს.
ეს წიგნი ბიოგრაფიული ხასიათის იქნება და ლეგენდარული ჯგუფისა და პირადად ჯორჯ ჰარისონის ცხოვრების ცალკეულ ნიუანსებს გაიხსენებს.
82 წლის ქალბატონს ამ ნაშრომის გამოქვეყნების იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. ამჟამად ოცნება რეალობად აქცია და ამ ნაშრომით ბრიტანული გამომცემლობები უკვე დააინტერესა. ცნობილია რომ წიგნში უშუალოდ მოგონებების გარდა, დღემდე უცნობი ფოტომასალა და ჯორჯის პირადი წერილებიც განთავსდება.
“ჯგუფის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა. დღემდე “The Beatles”-ისა და ჯორჯის შესახებ არაერთი მოგონებაა გამოქვეყნებული. მათი ავტორები მუსიკოსებს საერთოდ არ იცნობდნენ. ამის მიუხედავად მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ თავდაჯერებულები მსჯელობდნენ.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯგუფის შესახებ მრავალი ბინძური ჭორია გავრცელებული, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ყოველთვის მსურდა რომ ჯორჯისა და მისი მეგობრების შესახებ ობიექტური მოგონებები გამომექვეყნებინა და მათ შესახებ საზოგადოებისათვის მხოლოდ სიმართლე შეეტყო. მსურს რომ ბიჭების შესახებ გავრცელებული მრავალი ჭორის უსაფუძვლობა ნამდვილი და რეალური ფაქტებით დავამტკიცო.” – განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს ლუიზა ჰარისონმა.