ქართველი ხალხი ხედავდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ საქართველოს საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება ამ ფარული ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის ერთ-ერთი იარაღი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის.
„ალბათ საფუძვლიანად უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის ერთ-ერთი იარაღი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის, რათა ერთმა გამოსტყუოს მეორეს მასალა და ამით ებრძოლონ ერთმანეთს. გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ეს დიდად საინტერესო ჩემთვის არ არის, უბრალოდ, შემაშფოთებელია ის, რაც მოვისმინეთ, თუკი ეს ჩანაწერები ავთენტურია, რომ ქალბატონ გიულის და კიდევ სხვებს უფრო მეტად აინტერესებთ რუსეთის აზრი, მათ შორის, მიშა სააკაშვილის, როგორც კრიმინალის საქართველოში შემოპარვასთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა თემაზე აინტერესებთ რუსეთის აზრი და არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ეს უკვე არის აშკარა. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვამბობდით. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ხედავდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ საქართველოს საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება ამ ფარული ჩანაწერების მოსმენის შემდეგ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.