საქართველოს, მისი სახელმწიფოსა და მისი ხალხის სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვის სხვადასხვა ფორმით მცდელობები, როგორც ჩანს, გრძელდება. მარტივად რომ ვთქვა, ეს დასანანია. პასუხი არის ერთადერთი - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ აღმოვუჩენთ სამხედრო ტიპის დახმარებას სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთ მხარეს, მით უმეტეს, რომ, როგორც ვიცი, საუბარია ისეთი იარაღის გადაცემაზე, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, მაგრამ ეს უბრალოდ დეტალია. ალბათ, მთავარი არის ძირითადი გენერალური ხაზი და პოზიცია ხელისუფლების, ქვეყნის, რომელსაც ჰქვია საქართველო, რომ ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ ომში.
ჩვენ ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ. ეს შეიძლება, ზოგიერთ მსმენელს არ ახსოვდეს, რადგან შემდეგ გაჩნდა და იზრდება მას შემდეგ, რაც ომები საქართველოში დამთავრდა, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ომის თაობები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ეს რამხელა უბედურებაა. ამიტომ ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. ამიტომ, როგორც აქამდე დავდიოდით ამ დანის პირზე, იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებით გავივლით. იმედი მაქვს, უკრაინაში ომი მალე დასრულდება და ის დასრულდება უკრაინული სახელმწიფოსა და ხალხის გამარჯვებით“, - განაცხადა წულუკიანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი თქმით, „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს“.