ფლორენს პიუ ამჟამად ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია, რომელიც ყოველთვის ძლიერ, დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნის. ახლახან წარმოშობით ბრიტანელი ვარსკვლავი ვოგის ვიდეოშიც გამოჩნდა და საყვარელი რეცეპტების გაზიარების გარდა, საკუთარ ცხოვრებასა და შეხედულებებზეც ისაუბრა.
განსაკუთრებით საინტერესო მსახიობის გამოცდილების მოსმენა იყო წონასთან და ჰოლივუდის და ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებასთან ამ საკითხთან მიმართებით: "არასოდეს არ ვაპირებ, რომ წონაში დავიკლო როლის გამო, მხოლოდ იმისთვის, რომ ფანტასტიკურად გამოვიყურებოდე. უფრო ის მაინტერესებს, როგორ ცხოვრობდა ესა თუ ის გმირი; რა შეიძლებოდა, რომ ეჭამა."
"ჩვენ ადამიანები ვართ ადამიანური სხეულებით. დიახ, მე შემიძლია, მაკიაჟი გავიკეთო და პრემიერისთვის გავიპრანჭო, მაგრამ სინამდვილეში მაინც მეზრდება ტუჩს ზემოთ თმა, ვარჯიშის შემდეგ მაინც მაქვს არასასიამოვნო სუნი და მაინც მიჩნდება სახეზე გამონაყარი, როცა ვნერვიულობ."
მსახიობის თქმით, ხშირად მოუსმენია საკუთარ წონასთან დაკავშირებით არასასურველი კომენტარები. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, როცა ფლორენსი წითელ ხალიჩაზე გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა, საზოგადოების ნაწილის დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
მსახიობი მაშინაც უშიშრად გამოეხმაურა ონლაინ ტროლებს და განაცხადა: "ეს არ არის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა სრულიად უცხო ადამიანების ბრბო ეუბნება ქალს, რა არ მოსწონთ მის სხეულში. ყველაზე სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ ზოგიერთი კაცი ამას ძალიან ვულგარულად აკეთებს. ბევრს გინდოდათ, აგრესია გამოგეხატათ და გეთქვათ ჩემთვის, რა იმედგაცრუებული იყავით ჩემი პატარა მკერდით და რომ მისი უნდა შემრცხვენოდა."
მიუხედავად, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ზეწოლის და ნეგატიური კომენტარებისა, ფლორენსი მაინც არ უშინდება საკუთარი აზრის თამამად გამოთქმასა და ისეთი წონისა თუ ტანსაცმლის შერჩევას, რომელიც თავად მას აბედნიერებს.
"ქალები ჰოლივუდში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სასურველი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვან, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. მე კი ასე არ ვიქცეოდი. ვფიქრობ, ჰოლივუდში ეს უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა დამაბნეველი."