ახალმა სიმღერამ, რომელშიც კოლუმბიელი მომღერალი შაკირა თავის ყოფილ პარტნიორს, ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს, დასცინის, იუთუბზე რეკორდი მოხსნა — ვიდეომ პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამით ის იუთუბის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ახალი ლათინოამერიკული სიმღერა გახდა.
შაკირა და პიკე 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ გასულ წელს დაშორდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ 35 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ურთიერთობა დაიწყო 23 წლის კლარა ჩიასთან. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება შაკირა თავის სიმღერაში, რომელიც არგენტინელ პროდიუსერთან, DJ Bizarrap-თან ერთად ჩაწერა.
"22 წლის ასაკის ორი ტიპის ფასი მაქვს", — მღერის 45 წლის შაკირა, — "შენ კი ფერარი [რენო] ტვინგოზე გაცვალე, ხოლო როლექსი — Casio-ზე".
სიმღერაში ასევე ჟღერს ტექსტი, სადაც შაკირა ამბობს, რომ "მისნაირი ქალი ახალბედების შესაფერისი არაა", თავად კი ყოფილის "ტოლი არ იყო", რის გამოც პიკე ახლა თავისნაირთან ერთადაა. ტექსტში მომღერალი მას აგრეთვე მოუწოდებს, ცოტაოდენი დრო ტვინის ვარჯიშსაც დაუთმეო.
ამ ყველაფერთან ერთად, ახალი სიმღერა ასევე ეხება პიკეს დედას და მედიის განსაკუთრებულ ინტერესს შაკირას გადასახადებთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ პრობლემებზე.
"მეზობლად დედამთილი დამიტოვე, კართან კი პრესა და დავალიანება", — მღერის ვარსკვლავი.
თაღლითობაში ბრალდებულ შაკირას 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება
შაკირას ახალი სიმღერა ტრენდად არა მხოლოდ იუთუბზე იქცა, არამედ სოციალურ ქსელებსა და მსოფლიო მედიაშიც.
შაკირა და პიკე ერთმანეთს 13 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. წყვილს ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ.