"მე იაპონელი ვარ" — გვენ სტეფანის კულტურის მითვისებაში ადანაშაულებენ

ცნობილ ამერიკელ მომღერალს და მსახიობს, გვენ სტეფანის, კულტურის მითვისებაში ადანაშაულებენ. სტეფანიმ 2005 წელს პარფიუმერიის ხაზი Harajuku Lovers გამოუშვა (ჰარაძუკუ ტოკიოს ერთ-ერთი უბანია). მას შემდეგ მომღერალს არაერთხელ დასდეს ბრალი ეგრეთ წოდებულ კულტურის მითვისებაში. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში სტეფანი ამ ბრალდებებს გამოეხმაურა, თუმცა, მისმა განცხადებებმა ამჯერადაც კრიტიკა დაიმსახურა.

"ეს ჩემზე იაპონიის გავლენას უკავშირდება", — ამბობს მომღერალი ჟურნალ Allure-თან ინტერვიუში, — "იაპონური კულტურა რამდენადაც მდიდარია ტრადიციებით, იმდენადვეა ფოკუსირებული მომავალზე და დიდ ყურადღებას აქცევს ხელოვნებას, დეტალებსა და დისციპლინას. ეს ჩემთვის განმაცვიფრებელი იყო".

სტეფანიმ ასევე გაიხსენა, რომ იგი მამასთან ერთად იზრდებოდა და გამუდმებით იცვლიდა საცხოვრებელს — ხან იაპონიისკენ მიემგზავრებოდნენ, ხანაც კვლავ კალიფორნიაში ბრუნდებოდნენ. მომღერლის თქმით, მასზე განსაკუთრებით დიდი გავლენა სწორედ ჰარაძუკუში ჩასვლამ მოახდინა.

"იმ მომენტში ვთქვი, ღმერთო, იაპონელი ვარ და ეს აქამდე არ ვიცოდი-მეთქი", — იხსენებს სტეფანი, — "და, იცი, მართლაც ვარ".

მომღერალი ამატებს, რომ იგი იაპონური კულტურის დიდი თაყვანისმცემელია და "არასწორია", როცა მას "რაღაც მშვენიერის თაყვანისმცემლობისთვის" აკრიტიკებენ.

"მისაღები უნდა იყოს სხვა კულტურით ინსპირირება, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ხალხის გაყოფა გამოვა, არა?", — ამბობს სტეფანი.

სხვათა შორის, მსგავსი მოსაზრება მომღერალმა 2021 წელსაც გამოთქვა ჟურნალ Paper-თან ინტერვიუში. სტეფანიმ აღნიშნა, რომ "მშვენიერების" საფუძველი სწორედ კულტურის მიმოცვლაა.

"ერთმანეთისგან ვსწავლობთ, ერთიმეორისას ვიზიარებთ, ერთმანეთით ვიზრდებით. წესები კი მხოლოდ უფრო და უფრო მეტად გვყოფს", — განაცხადა მაშინ მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ გვენ სტეფანი ერთადერთი მუსიკოსი არაა, რომლის მიმართაც მსგავსი ბრალდებები გაჟღერდა. გასულ წლებში ვარცხნილობის გამო კულტურის მითვისებაში დაადანაშაულეს ადელი და ჯასტინ ბიბერიც.