ეს უბრალოდ დემონსტრირებაა იმ პროცესისა, რაც ჩვენთვის ისედაც ნათელი იყო - ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის ფაქტორი მოქმედებდა, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
„ამ საარჩევნო პროცესში ერთმანეთს დაუპირისპირდა ჩანაწერების ერთმანეთს მიყოლებული გარკვეული ფაქტები, რომელიც ერთის მხრივ პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებული მეთოდია, მეორე მხრივ კი ამცირებს საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, მიs კულტურას და დამოკიდებულებას პროცესებისადმი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება დღითიდღე მწვავდება. მხარეები ერთმანეთს საჯაროდ, არაერთი გზით უპირისპირდებიან. სწორედ ერთ-ერთი ასეთია ფარული ჩანაწერების გავრცელება. თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამბობენ, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყნის ევროპულ მომავალს აფერხებს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის დაკარგვის შიში აქვს. მმართველი გუნდის წევრებს კი ამ პარტიისგან მსგავსი ქმედებები არ უკვირთ და ამბობენ, რომ ამით ისინი ქვეყნის იმიჯს აზიანებენ.