ბრიტანელი ვირტუოზი გიტარისტი ჯეფ ბეკი 78 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მუსიკოსის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ბაქტერიული მენინგიტით მოულოდნელი ინფიცირების შემდეგ მან გუშინ [10 იანვარს] მშვიდობიანად დაგვტოვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Rolling Stone-ისა და Classic Rock-ის ვერსიით, ჯეფ ბეკი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გიტარისტია. მას მნიშვნელოვან გავლენა ჰქონდა ხევი-მეტალისა და ჯაზ-როკის განვითარებაზე.
1965 წელს ბეკმა ჯგუფ The Yardbirds-ში ერიკ კლეპტონი შეცვალა, მაგრამ 2 წლის შემდეგ ჯგუფი დატოვა და The Jeff Beck Group-ი შექმნა, რომელშიც მომღერალი როდ სტიუარტი და ბას-გიტარისტი რონი ვუდი შევიდნენ. ბეკმა რამდენიმე ალბომი ჩაწერა, რომლებმაც პლატინის სტატუსი მოიპოვეს.
ჯეფ ბეკი შვიდჯერ გახდა „გრემის მფლობელი“, ის ორჯერ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში - 1992 და 2009 წლებში.