NASA-ს კუთვნილმა კოსმოსურმა ობსერვატორიამ TESS ჩვენგან დაახლოებით 100 სინათლის წლის მოშორებით არსებული ვარსკვლავის მიმდებარედ, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში, დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს ამ სისტემაში რიგით მეორე ასეთი ობიექტია.
პირველი მათგანი აქამდე მიგნებულ ციურ სხეულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და TOI 700 d-ს სახელითაა ცნობილი. ის იმ 3 პლანეტას შორისაა, რომლებიც მეცნიერებმა 2020 წელს დააფიქსირეს. მათი მშობელი ვარსკვლავი წითელი ჯუჯა TOI 700 გახლავთ, რომელიც სხვა ამგვარ მნათობებთან შედარებით საკმაოდ მშვიდია, რადგან უეცარი მძლავრი ამოფრქვევები არ ახასიათებს, რაც სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს.
ამ 3 ეგზოპლანეტიდან 2 ვარსკვლავთან ზედმეტად ახლოს გადაადგილდება, თუმცა TOI 700 d ისეთ რეგიონში მოძრაობს, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობა გამორიცხული არაა. ის დედამიწაზე 20 პროცენტით დიდია და მნათობის გარშემო შემოვლას 37 დღეს ანდომებს. ამ სისტემას მეცნიერები TRAPPIST-1-ს ამსგავსებენ, რომლისგანაც 39.5 სინათლის წელი გვაშორებს. მასში ჩვენი პლანეტის ზომის 7 ციური სხეული გვხვდება, მაგრამ მათი განლაგება ზედმეტად მჭიდროა, ვარსკვლავი კი უფრო აქტიური და ნაკლებად კაშკაშაა.
ახლახან ასტრონომებმა TOI 700-ის მიმდებარედ კიდევ ერთ ობიექტს მიაკვლიეს. ესაა TOI 700 e, რომლის სიდიდეც დედამიწის 95 პროცენტია. ის ზუსტად სასიცოცხლო ზონის ცენტრში არაა მოქცეული, თუმცა მარსისა და ვენერას მაგალითზე, სადაც ძველად თხევადი წყალი იყო, შანსი მასაც აქვს.
დიდი ალბათობით, ეს ეგზოპლანეტა კლდოვანია, ანუ მყარია და არა აირისგან შედგენილი. საკუთარი მნათობის ირგვლივ მოძრაობას ის 28 დღეს ანდომებს, რაც ნიშნავს, რომ TOI 700 c-სა და TOI 700 d-ს შორისაა. ვარაუდობენ, რომ მისი ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული, როგორც მთვარეა დედამიწისკენ.
ეს ის მონაცემებია, რომლებიც ავტორებმა TESS-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად მოიპოვეს. კერძოდ, ტრანზიტის მეთოდის მეშვეობით, ანუ მნათობთან პლანეტის ჩავლით გამოწვეული სიკაშკაშის ცვლილების შესწავლით გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი, ამის მიუხედავად, იმავე ობსერვატორიით TOI 700 სისტემას მეცნიერები ისევ დაუბრუნდებიან, რათა მეტი გაიგონ.
ასევე, იგეგმება სხვა ტელესკოპების ჩართვაც. მაგალითად, ჩილეში მდებარე ძალიან დიდ ტელესკოპს ამ მიზნით უკვე იყენებენ. უფრო ზუსტად, მასზე დამონტაჟებულ სპექტროგრაფს, რომელსაც ESPRESSO ეწოდება და დედამიწის მაგვარი პლანეტების მახასიათებლების გამოსაკვლევადაა შექმნილი. იმედოვნებენ, რომ მისი მეშვეობით ოთხივე ციური სხეულის მასას დაადგენენ, ჰაბლის დახმარებით კი მნათობის ულტრაიისფერ გამოსხივებას შეისწავლიან, რაზე დაყრდნობითაც პლანეტების კლიმატურ მოდელებზე იმსჯელებენ.
აღნიშნული ეგზოპლანეტების ატმოსფეროებზე დაკვირვება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპითაა შესაძლებელი, რომელიც აირად გარსში არსებულ ელემენტებსა და ნაერთებს გამოავლენს. სამიზნე ობიექტებს შორის TOI 700 d ან e ვერ იქნება, რაც მათი ზედმეტად მცირე ზომითაა განპირობებული, რასაც ვერ ვიტყვით TOI 700 b-ზე, რომელიც უდიდესია.
კვლევის შედეგებს ავტორები ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების რიგით 241-ე შეხვედრაზე წარადგენენ.