ქეით უინსლეტის ვიდეო, რომელშიც მსახიობმა ინტერვიუ შეაჩერა, რათა ახალბედა ჟურნალისტისთვის კომფორტული გარემო შეექმნა, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. კითხვის დასმისას ახალბედა ჟურნალისტმა, რომელიც ღელავდა, უინსლეტს უთხრა, რომ ეს მისი პირველი ინტერვიუ იყო. ამის გაგონებაზე ქეითმა ინტერვიუ შეაჩერა და ჟურნალისტს მიმართა.
"ეს პირველი ინტერვიუა? აბა, გამოიცანი რა მოხდება? როცა ამ ინტერვიუს მოვრჩებით, ის საოცარი გამოვა. და იცი, რატომ? ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ასე იქნება, მე და შენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მართლაც ფანტასტიკური ინტერვიუ გამოვა", — ასე გაამხნევა უინსლეტმა ახალბედა ინტერვიუერი.
Avatar: The Way of Water-ში, რომელიც 16 დეკემბერს გამოვიდა, ქეით უინსლეტი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს და ინტერვიუც სწორედ ამ ფილმს ეხებოდა. უინსლეტმა ჟურნალისტი ინტერვიუს პროცესშიც არაერთხელ გაამხნევა. მსახიობმა ჟურნალისტს უთხრა, რომ არ უნდა შეშინებოდა და შეეძლო მისთვის ყველაფერი ეკითხა, რაც აინტერესებდა.
ინტერვიუს დასრულების შემდეგ ქეითმა ჟურნალისტთან ერთად სამახსოვრო სელფიც გადაიღო, რამაც სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიდეოს კი, რომელშიც უინსლეტი ახალბედა ჟურნალისტს ამხნევებს, საკმაოდ მცირე დროში 1,3 მილიონი ნახვა აქვს.