ვერავინ ვერ ეღირსება ამ ქვეყანაში არეულობას, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე უკრაინაში მებრძოლი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ნოდარ ყარალაშვილის მუქარისშემცველ ვიდეომიმართვას.
„ეს არის გამოხატულება იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად აქვს ამის სურვილი. ეს კონკრეტული ფაქტებითაც მტკიცდება - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება უშუალოდ იყო დაკავშირებული რევოლუციური სცენარის განხორციელებასთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე, არის ორიენტირებული იმაზე, რომ ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ლეგიტიმური გზით მათ საზოგადოება მხარს არ დაუჭერს და დაადგნენ რადიკალიზაციის გზას. მსგავსი განცხადებები პირდაპირ ავლენს, თუ რამდენად არიან სასოწარკვეთილები და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რაც მათ მიზნად აქვთ, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ ვერავინ ვერ ეღირსება ამ ქვეყანაში არეულობას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.