საქართველოში დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა - ასე პასუხობენ მმართველ გუნდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის და უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილის განცხადებებს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ვიდეომიმართვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციის მოწყობას.
„მათი ხელისუფლებაში მობრუნების ერთადერთი გზა გადის სამოქალაქო დაპირისპირებაზე, არეულობაზე. როცა ქართველებს ემუქრები, რომ ტანკებით გადაუვლი, შემოხვალ აფხაზეთიდან თუ სხვა კუთხიდან, დაარბევ, მოსპობ და დახოცავ ხალხს, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ შესაბამის პასუხს მიიღებ აუცილებლად საზოგადოებისგან. ქვეყანას სააკაშვილი აყანყალებს თავისი თანამებრძოლების დახმარებით, რომლებსაც ასეთი ფორმით უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება და სააკაშვილის ისევ გამეფება“, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი.
უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.